2026 წლის პირველ ნახევარში თბილისში 22 402 ბინა გაიყიდა
2026 წლის პირველ ნახევარში თბილისში 22 402 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 18.7%-იანი ზრდაა - ამის შესახებ აღნიშნულია „ქოლიერსის“ კვლევაში.
კვლევის თანახმად, საანგარიშო პერიოდში როგორც ახალ პროექტებში, ასევე ძველ პროექტებში საცხოვრებელი ბინების გაყიდვები გაიზარდა.
„2026 წლის პირველ ნახევარში თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის პირველ ნახევართან შედარებით 21.9%-ით გაიზარდა. ზრდა დაფიქსირდა ახალაშენებული ბინების როგორც პირველად (21.8%), ისე მეორეულ ბაზრებზე (22.1%). ტრანზაქციების რაოდენობა 7.7%-ით გაიზარდა ძველ პროექტებშიც“, - აღნიშნულია კვლევაში.
ამასთანავე, როგორც ძველ ისე ახალ პროექტებში ტრანზაქციების უმეტესობა საქართველოს მოქალაქეებზე მოდის, უცხოეთის მოქალაქეების წილი 2026 წლის პირველ ნახევარში წლიურად უცვლელი - 10%-ის ფარგლებში დარჩა.
რაც შეეხება ფასებს, „ქოლიერსის“ თანახმად, 2026 წლის პირველ ნახევარში საცხოვრებელი ბინების ფასი წლიურად როგორც ძველ, ასევე ახალ პროექტებში ზრდას აჩვენებს.
„2026 წლის პირველ ნახევარში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2025 წლის პირველ ნახევართან შედარებით ქალაქის ცენტრში 15.6%-ით, ფართო ცენტრში 10.2%-ით, ხოლო გარეუბანში 8.5%-ით გაიზარდა. ქალაქის მასშტაბით ძველ პროექტებში ფასმა 12.9%-ით მოიმატა.
2026 წლის პირველ ნახევარში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2025 წლის პირველ ნახევართან შედარებით 10.2%-ით გაიზარდა გარეუბნებში, 9.5%-ით - ფართო ცენტრში, ხოლო, ქალაქის ცენტრში 14.5%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ქალაქის მასშტაბით პირველადი ტრანზაქციების საშუალო შეწონილი ფასის ზრდამ 11.7% შეადგინა. მეორეულ ბაზარზე კი საშუალო შეწონილი ფასი ქალაქის მასშტაბით 9.5%-ით გაიზარდა“, - ვკითხულობთ „ქოლიერსის“ ბაზრის მიმოხილვაში.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ბაზრის ზომა 33.2%-ით გაიზარდა 1.8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.