თბილისში საწყობების ქირის ფასი ბევრ სხვა ქალაქთან შედარებით მაღალია
საქართველოში სასაწყობე ფართებზე მოთხოვნა გაიზარდა, - ამის შესახებ "გალთ ენდ თაგარტის“ კვლევაში ვკითხულობთ.
კვლევის თანახმად, ვაჭრობისა და ტვირთბრუნვის ზრდამ საწყობებზე მოთხოვნა გაზარდა, რაც მიწოდების ტემპის დაჩქარებაში აისახა.
კვლევის თანახმად, ასევე, მნიშვნელოვნად გაიზარდა სექტორის შემოსავლები - აქტივობა ძირითადად თბილისში, ფოთსა და ბათუმშია კონცენტრირებული.
დოკუმენტის თანახმად, თბილისსა და ბათუმში საწყობები ძირითადად ადგილობრივ მოთხოვნას ემსახურება, ხოლო ფოთში - საერთაშორისო ტვირთების დამუშავებას.
"გაზრდილმა ტვირთბრუნვამ მოთხოვნა დიდწილად საპორტო ქალაქებში საწყობებზე გაზარდა, ხოლო თბილისში ზრდის მთავარი მიზეზი გაზრდილი სამომხმარებლო დანახარჯები იყო, რამაც მნიშვნელოვანი მოთხოვნა გააჩინა ახალ სასაწყობე ინფრასტრუქტურაზე.
საწყობებზე მოთხოვნის სწრაფმა ზრდამ იჯარის ფასები მნიშვნელოვნად გაზარდა. შედეგად, თბილისში ქირის ფასი ბევრ სხვა ქალაქთან შედარებით მაღალია,“ - ნათქვამია კვლევაში.
კერძოდ, დოკუმენტის თანახმად, თბილისში, 2025 წლის მონაცემებით, საწყობების შეწონილი საშუალო თვიური ქირა კვადრატულ მეტრზე 6.3 აშშ დოლარი (დღგ-ს გარეშე) იყო. ეს კი 2024 წლის მაჩვენებელთან (4.7 დოლარი კვადრატულზე) შედარებით, 34%-ით მეტია.
რაც შეეხება ფინანსურ მაჩვენებლებს, კვლევის მიხედვით, ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორის ბრუნვამ გასულ წელს 11.4 მლრდ ლარი შეადგინა. რეგიონების მიხედვით კი, გადანაწილება ასეტი იყო:
- თბილისი - 66%;
- სამეგრელო-ზემო სვანეთი - 15%;
- აჭარა - 9%;
- იმერეთი - 3%;
- სხვა რეგიონები - 7%.