ბათუმში ივნისში 1 468 ბინა გაიყიდა - 87% უცხოელ მყიდველებზე მოდის
2026 წლის ივნისში ბათუმში საცხოვრებელი ბინების გაყიდვები წლიურად 8.2%-ით გაიზარდა. კერძოდ, საანგარიშო პერიოდში ზღვისპირა ქალაქში 1 468 ერთეული ბინა გაიყიდა - ამის შესახებ აღნიშნულია „ქოლიერსის“ კვლევაში.
კვლევის თანახმად, ივნისში ახალაშენებული ბინების გაყიდვები წლიურად 11.6%-ით გაიზარდა, ძველი ბინების ტრანზაქციებმა კი 26.4%-ით იკლო.
ტრანზაქციების რაოდენობა 24.5%-ით გაიზარდა მეორეულ ბაზარზე, ხოლო პირველად ბაზარზე 0.8%-იანი კლება დაფიქსირდა.
როგორია 1 კვ.მ-ის საშუალო გასაყიდი ფასები ბათუმში?
„უცხოელი მყიდველების წილი ძველი და ახალი პროექტების ტრანზაქციებში გასული წლის ივნისთან შედარებით გაიზარდა და 47% შეადგინა, ხოლო ქართველი მყიდველების წილი 49%-მდე შემცირდა. ახალ და ძველ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობის ზრდის 87% უცხოელ მყიდველებზე მოდის“, - ვკითხულობთ „ქოლიერსის“ კვლევაში.
რაც შეეხება ფასებს, ბათუმში ივნისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი წლიურად 22.6%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1 455 აშშ დოლარი შეადგინა.
„ზრდის ძირითადი მამოძრავებელი პირველადი ბაზარი იყო, სადაც მაჩვენებელმა 30.4%-ით მოიმატა, უნდა აღინიშნოს რომ პირველად ბაზარზე ტრანზაქციების ნაწილი გვიან რეგისტრირდება, რის გამოც ფასების ზრდის ტრენდი არ ასახავს რეალობას, ამასთანავე, დარეგისტრირდა რამდენიმე ძვირიანი პროექტის ტრანზაქცია. რაც შეეხება, მეორეულ ბაზარს, აქ საშუალო შეწონილმა ფასმა 13.7%-ით მოიმატა“, - ვკითხულობთ დოკუმენტში.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ბათუმში ჯამში 7 838 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 11.4%-იანი მატებაა. ამავე პერიოდში ბაზრის ზომა 29%-ით 507 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.