მსოფლიოს ყველაზე ჭკვიანი ქალაქები
წამყვანმა საკონსულტაციო კომპანია Boston Consulting Group-მა (BCG) ჭკვიანი ქალაქების თავისი პირველი ინდექსი გამოაქვეყნა.
კერძოდ, მსოფლიოს 61 უდიდესი ქალაქი მოქალაქეების ცხოვრების გასაუმჯობესებლად ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების ეფექტურობის მიხედვით არის შეფასებული. რეიტინგს Time Out აქვეყნებს.
ინდექსი თითოეულ ქალაქს ხუთი პარამეტრის მიხედვით აფასებს, როგორიც არის შედეგი, სტრატეგია, დანერგვა, სამთავრობო გეგმების რეალიზების ეფექტიანობა და უფრო ფართო „ხელშემწყობი ფაქტორები,“ ანუ დაფინანსება, ნიჭი და ინფრასტრუქტურა.
ქულების საფუძველზე ქალაქები ოთხ კატეგორიად იყოფა: წამყვანი, აჩქარებული, განვითარებადი და მზარდი.
BCG-ის 2026 წლის სიაში ლონდონი ლიდერობს, სადაც, ცხოვრების ხარისხიდან ეკონომიკურ შესაძლებლობებამდე, მოქალაქეთა შედეგებით ყველაზე მაღალი ქულა დაფიქსირდა. მას დუბაი, ნიუ-იორკი, ვაშინგტონი და ამსტერდამი მოსდევს, რომლებიც ხუთეულს ავსებენ.
ანგარიში, ასევე, აჩვენებს, რომ ხელოვნურ ინტელექტისადმი ენთუზიაზმით მხოლოდ ცნობილი გლობალური ტექნოლოგიური ჰაბები არ გამოირჩევა. კერძოდ, აფრიკის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქალაქებში მოქალაქეების მიერ GenAI-ინსტრუმენტების ყოველდღიური გამოყენების ყველაზე მაღალი დონე დაფიქსირდა, რაც ადასტურებს, რომ ეს მხოლოდ ამერიკული „სილიკონის ველისთვის” ან ჩინური შენჩჟენისთვის დამახასიათბელი ფაქტორი არ არის.
მსოფლიოს ყველაზე ჭკვიანი ქალაქების 2026 წლის ტოპ 10-ეული ასეთია:
- ლონდონი
- დუბაი
- ნიუ-იორკი
- ვაშინგტონი
- ამსტერდამი
- ბერლინი
- სან-ფრანცისკო
- შანხაი
- პეკინი
- სეული