თეგებით ძიება

საქართველოში მშენებლობა კვლავ ძვირდება

2026 წლის ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი, წინა თვესთან შედარებით, 0.9%-ით, ხოლო 2025 წლის ივნისთან შედარებით 3.9%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

ამასთან, მათივე ცნობით, 2022 წლის თებერვალთან შედარებით, მშენებლობის ღირებულება უკვე 29.3%-ით არის გაზრდილი.

საქსტატის მონაცემებით, საცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი ივნისში, მაისთან შედარებით, 2.6%-ით გაიზარდა, ხოლო წლიურად ზრდამ 3.5% შეადგინა.

რაც შეეხება არასაცხოვრებელ სეგმენტს, ინდექსი თვიურად 0.6%-ით გაიზარდა, თუმცა, წლიურ ჭრილში 0.1%-ით შემცირდა.

სამოქალაქო სეგმენტში კი ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.5%-ით შემცირდა, ხოლო გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.8%-ით გაიზარდა.

საქსტატის განმარტებით, ივნისში დაფიქსირებული 0.9%-იანი თვიური ზრდა, ძირითადად, მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 5.4%-იანმა ზრდამ განაპირობა, რომელმაც ჯამური ინდექსის ცვლილებაში 1.01 პროცენტული პუნქტი შეიტანა.

რაც შეეხება წლიურ ზრდას, 3.9%-იანი მატება, უმეტესწილად, გამოწვეული იყო ტრანსპორტირების, საწვავისა და ელექტროენერგიის ხარჯების კატეგორიის 16.6%-იანი ზრდით, რომელმაც ინდექსზე 1.9 პროცენტული პუნქტით იმოქმედა. ამასთან, დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 1.8%-იანმა ზრდამ ჯამურ ინდექსს დამატებით 1.01 პროცენტული პუნქტი შემატა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა