თეგებით ძიება

ტრავერტინის ფილები, ველობილიკი - რუსთაველსა და კოსტავაზე ტროტუარების რეაბილიტირებისთვის დამატებით, 7.8 მლნ ლარის ტენდერები გამოცხადდა

თბილისში, რუსთაველის გამზირისა და კოსტავას ქუჩის მონაკვეთებზე ტროტუარების მოწყობის სამუშაოებზე დამატებით, ორი ტენდერი გამოცხადდა.

შესყიდვის ჯამური ღირებულება 7 808 234 ლარს შეადგენს. სატენდერო წინადადებების მიღება 14 აგვისტოს დაიწყება და 18 აგვისტოს დასრულდება.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, პროექტი ჭოველიძის ქუჩიდან რუსთაველის მეტრომდე არსებულ ტერიტორიას მოიცავს და ორ ძირითად მონაკვეთადაა დაყოფილი: კოსტავას ქუჩის 356-მეტრიან და რუსთაველის გამზირის 1442-მეტრიან მონაკვეთებად.

როგორც ტექნიკურ დავალებაში ვკითხულობთ, არსებული მდგომარეობით, საპროექტო არეალში ასფალტბეტონის საფარია დაზიანებული, შეიმჩნევა გრძივი და განივი ბზარები, ხოლო ტროტუარზე მოწყობილი ბეტონისა და ბუნებრივი ქვის ფილები ამორტიზებული ან დამტვრეულია.

პროექტით იგეგმება ტროტუარების მთელ ფართობზე ახალი ბუნებრივი ქვის, კერძოდ ტრავერტინის ფილების დაგება.

სატენდერო დოკუმენტაციაში ასევე ნათქვამია, რომ არსებული სანიაღვრე სისტემა უხვი ნალექის დროს ვერ უზრუნველყოფს მოსული ნალექის სრულად აცილებას გზის სავალი ნაწილიდან, რის გამოც ახალი ქსელი მოეწყობა.

რუსთაველის გამზირზე ქსელი სხვადასხვა მონაკვეთში არსებულ კოლექტორს მიუერთდება, ხოლო კოსტავას ქუჩაზე - მეტრო „რუსთაველის“ მიმდებარე ცენტრალურ კოლექტორს.

გარდა ამისა, პროექტით დაგეგმილია, გზის მარჯვენა მხარეს, მთელ სიგრძეზე ველობილიკის მოწყობა. აღსანიშნავია, რომ რუსთაველის გამზირზე ველობილიკის ზოლში მოხვედრილ საკომუნიკაციო ჭებს სავალ ნაწილზე გადაიტანენ (გათვალისწინებულია ძველის დემონტაჟი და ახლის მოწყობა).

პროექტი ასევე ითვალისწინებს საპროექტო გზის დასაწყისში არსებული მიწისქვეშა გადასასვლელების ჰიდროიზოლაციას, ტროტუარზე განთავსებული ლითონის მოაჯირების დემონტაჟს, ანტიკოროზიული საღებავით დამუშავებასა და უკან მონტაჟს. ამასთან, წყალმომარაგების ქსელს მიუერთდება 20 ახალი სახანძრო ჰიდრანტიც (4 -კოსტავას ქუჩაზე, 16 - რუსთაველის გამზირზე).

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ტროტუარის ორივე მხარეს მოეწყობა დახურული ტიპის რკინა-ბეტონის არხი საკომუნიკაციო კაბელებისთვის, ხოლო არსებულ გაზონებზე მექანიკური სარწყავი სისტემა დამონტაჟდება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა