"ფასები 2-3 წელში გაორმაგდება“ - ლოკაციები თბილისის შემოგარენში, სადაც შესაძლოა, მიწები გაძვირდეს
„თბილისის შემოვლითი გზის პროექტი, მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში, ლისსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთებზე ფასების ზრდას გამოიწვევს“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას Brokeri.ge-ს დამფუძნებელმა ილია ინაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, დედაქალაქის შემოგარენში არის კიდევ რამდენიმე პერსპექტიული ლოკაცია, სადაც მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტებისა და მზარდი მოთხოვნის ფონზე, მომდევნო წლებში მიწის ნაკვეთების ღირებულების მკვეთრი ზრდაა მოსალოდნელი.
„დავიწყოთ ლისზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთებით. როგორც იცით, ლისი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი უბანია, სადაც უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება.
მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტია შემოვლითი გზა, რომელიც ქალაქის მერმა უკვე დაანონსა. ეს გზა დიდი დიღმიდან ლისის ტბის მიმართულებით გადმოვა.
ეს, თავისთავად ცხადია, უმნიშვნელოვანესი საგზაო ინფრასტრუქტურაა, რაც მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში, ლისსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთებზე ფასების ზრდას გამოიწვევს.
დღეის მდგომარეობით, ლისის ტბასთან მიწის საშუალო ფასი 200 დოლარია კვადრატულ მეტრზე. ჩვენი მოსაზრებით, ეს ღირებულება მომდევნო 2-3 წელში აუცილებლად გაორმაგდება. ფასების ზრდის კუთხით ყველაზე დიდი პოტენციალი სწორედ ლისს აქვს.
ამის შემდეგ მოდის წავკისი და ტაბახმელა. მოგეხსენებათ, ეს ქალაქის შემოგარენში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი არეალია, სადაც საშუალო ფასი 120-150 დოლარის ფარგლებში მერყეობს.
გამომდინარე იქიდან, რომ ტაბახმელა-წავკისი-შინდისის ზონა საცხოვრებლად ძალიან პოპულარულია, მიგვაჩნია, რომ ამ ტერიტორიასაც ფასების ზრდის საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს.
შემდეგი ლოკაცია თბილისის შემოგარენში მცხეთა-საგურამოს მიმდებარე ტერიტორიაა, რომელიც ასევე ძალიან სწრაფად ვითარდება.
აღნიშნული საგზაო კვანძი (თბილისი შემოვლითი გზა) ზუსტად საგურამოსა და მცხეთის მიმდებარე ტერიტორიებიდან დაიწყება.
შესაბამისად, ეს ინფრასტრუქტურა ამ მიწის ნაკვეთების განვითარებაზეც აისახება. აქ ამჟამად საშუალო ფასი 100 დოლარია და მომდევნო 3-4 წლის განმავლობაში, მინიმუმ, 15-20%-იან წლიურ ზრდას ველოდებით.
შემდეგი ზონა თბილისის ზღვა და მისი მიმდებარე ტერიტორიაა. ეს ლოკაცია განვითარების თვალსაზრისით ცოტა სპეციფიკურია, თუმცა, ჩემი აზრით, მომდევნო 4 წლის განმავლობაში აქაც ფასების საკმაოდ მაღალ ზრდას უნდა ველოდოთ. ღირებულება მინიმუმ, გაორმაგდება. ამჟამად საშუალო ფასი 100 დოლარია და სულ მალე, სავარაუდოდ, 200 დოლარს მიაღწევს.
ასევე მინდა აღვნიშნო კახეთის მიმართულება - დიდი ლილო, პატარა ლილო და მარტყოფის ტერიტორია (რომლებიც გარდაბნის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის). ამ არეალში ძალიან დიდი პროექტები იგეგმება. ახალი სტადიონი, აეროპორტი და შემოვლითი გზა უნდა გაკეთდეს.
ეს ყველაფერი, ბუნებრივია, პირდაპირ აისახება მიწის ნაკვეთების ღირებულებაზე. ახლა კვადრატული მეტრი დაახლოებით 60-70 დოლარი ღირს და ამ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთანავე, მომდევნო 2-3 წელიწადში, ფასი მინიმუმ გაორმაგდება“, - აცხადებს ილია ინაშვილი.