თეგებით ძიება

"გაჩნდა მოთხოვნა სააგარაკე მიწის ნაკვეთებზე“ - როგორ იცვლება უძრავი ქონების ბაზარი?

„ბაზარზე გამოჩნდნენ კომპანიები, რომლებიც მომხმარებლებს სახლების მშენებლობას ძალიან იაფად და სწრაფად სთავაზობენ“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ Brokeri.ge-ს დამფუძნებელმა ილია ინაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საცხოვრებელ მიწის ნაკვეთებზე მოთხოვნა იზრდება, რადგან ქალაქის ცენტრალურ უბნებში ბინების მკვეთრად გაძვირების ფონზე, მოსახლეობისთვის ალტერნატიულ და ფინანსურად უფრო ხელსაყრელ გამოსავლად, ქალაქგარეთ საკუთარი სახლის მშენებლობა რჩება.

„ბოლო 4 წლის განმავლობაში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები მკვეთრად გაიზარდა. დასამალი არავისთვისაა, რომ ბაზარზე ფასები გაორმაგდა.

ამ ფონზე, სრულიად ბუნებრივად გაჩნდა მოთხოვნა ქალაქის პერიფერიებში არსებულ სააგარაკე მიწის ნაკვეთებზე, რადგან ხალხს გაუჩნდა სურვილი, სასურველი საცხოვრისი უკვე არა ქალაქში, არამედ ქალაქგარეთ აიშენოს.

ეს არ ხდება თავისთავად, ეს პირდაპირ უკავშირდება ფინანსებს. არსებული ბიუჯეტიდან გამომდინარე, ადამიანი ჯდება და ფიქრობს, ღირს თუ არა 150 000 დოლარის გადახდა ქალაქის ცენტრალურ უბანში მდებარე 70 კვადრატულ მეტრ ბინაში, თუ ურჩევნია იმავე 150 000 დოლარად სახლი აიშენოს, პირობითად, წავკისში, საგურამოში, თბილისის ზღვაზე ან სხვაგან.

თანაც, 75 კვადრატულის სანაცვლოდ, აიშენოს 100 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართი, ჰქონდეს 300-400 კვადრატული მეტრი ეზო და ცხოვრების სრულიად სხვა სტანდარტი. ჩემთვის, როგორც ერთი სტატისტიკური მომხმარებლისთვის, შეიძლება ბევრად უფრო მისაღები იყოს 100-კვადრატულიანი სახლი 500 კვადრატულ მიწის ნაკვეთზე, ვიდრე 70 კვადრატული მეტრი ბინა კორპუსში.

ამავდროულად, ბაზარზე გამოჩნდნენ კომპანიები, რომლებიც მომხმარებლებს სახლების მშენებლობას ძალიან იაფად და სწრაფად სთავაზობენ. ეს შეიძლება იყოს ხის სახლი ან მსუბუქი რკინის კონსტრუქცია, რომელიც საკმაოდ მყარ და სეისმურად კარგად გათვლილ საცხოვრისს ითვალისწინებს. ეს ყველაფერი სულ რაღაც ერთ თვეში კეთდება, რაც დროის ფაქტორის მნიშვნელობასაც უსვამს ხაზს.

სამწუხაროდ, ზუსტი სტატისტიკა იმისა, თუ რამდენი მიწის ნაკვეთი იყიდება ასეთი მშენებლობებისთვის, არ არსებობს. თუმცა, საჯარო რეესტრისა და სხვადასხვა კვლევითი ორგანიზაციის მონაცემებით, მსგავს ნაკვეთებზე მკვეთრად მზარდი ტენდენციაა.

ანალიტიკაშიც სწორედ ეს მოჰყავთ მიზეზად, რომ სახლის მშენებლობის ფასიდან და სისწრაფიდან გამომდინარე, ადამიანები ირჩევენ თბილისის გარშემო არსებულ სააგარაკე მიწებს, რადგან მათთვის მისაღებ საცხოვრისს უფრო იაფად და სწრაფად იშენებენ. ეს არის დროში და ფინანსებში გამოკვეთილი პრიორიტებები.

სტანდარტულად, მიწის ნაკვეთების ბაზარი აპრილ-მაისიდან აქტიურდება და ამ პერიოდში ბევრად მეტი ტრანზაქცია ტარდება, ვიდრე წლის სხვა მონაკვეთში. სტატისტიკურად, ბოლო 4 წლის განმავლობაში მიწის ნაკვეთებზე ფასი სტაბილურად, 15-25%-ით იზრდება. ეს ტენდენცია არ შეცვლილა, 2021 წლიდან დღემდე ფასები სტაბილურად იმატებს“, - განაცხადა ილია ინაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა