"ყველაზე დიდი პრობლემა ინჟინრებისა და სხვადასხვა სერტიფიცირებული სპეციალისტების სიმცირეა"
სამშენებლო სექტორის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კვალიფიციური მუშახელის დეფიციტი რჩება.
როგორც „მწვანე ინვესტიციების“ დამფუძნებელი გივი კორინთელი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, ყველაზე დიდი პრობლემა ინჟინრებისა და სხვადასხვა სერტიფიცირებული სპეციალისტების სიმცირეა.
„ყველაზე დიდი პრობლემა ინჟინრებისა და სხვადასხვა სერტიფიცირებული სპეციალისტების სიმცირეა. განსაკუთრებული დეფიციტია საინჟინრო ქსელების, სახანძრო უსაფრთხოების, მასალების ხარისხის კონტროლისა და სხვა მიმართულებების სპეციალისტებზე.
შეიძლება ითქვას, რომ სერტიფიცირებული სპეციალისტები ამ დარგებში ძალიან ცოტანი არიან. ყოველწლიურად მათი რაოდენობა იზრდება, თუმცა მაინც არ ჰყოფნის მთელ ბაზარს,“ - განაცხადა გივი კორინთელმა.
მისივე შეფასებით, მცირე და საშუალო დეველოპერებისთვის კვალიფიციური ხელოსნების მოძიებაც სერიოზულ გამოწვევად რჩება, რაც საბოლოოდ მშენებლობის ხარისხზეც აისახება.
„სამშენებლო სექტორში კვალიფიციური კადრების დეფიციტის გამო კომპანიების ნაწილი უცხოელ სპეციალისტებს ასაქმებს. სამუშაოდ სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის შუა აზიიდან და სხვათა შორის, აღმოსავლეთ ევროპიდანაც ჩამოდიან როგორც ინჟინრები, ისე სხვა სპეციალისტები.
თუმცა, ზოგი კომპანია ამას ახერხებს, ზოგი - ვერა. სხვადასხვა გადაწყვეტილებაზე მიდიან იმისთვის, რომ ეს ადამიანები შეინარჩუნონ. ასეთი ტენდენცია ნამდვილად არსებობს,“ - განაცხადა გივი კორინთელმა.
მისივე შეფასებით, უცხოელი სპეციალისტების დაქირავება განსაკუთრებით რთულია მცირე და საშუალო კომპანიებისთვის. ამის მიზეზი კი კორინთელის განმარტებით, ის არის, რომ მათ შესაბამისი ფინანსური რესურსი ხშირად არ აქვთ, რაც საბოლოოდ მშენებლობის ხარისხზეც აისახება.