„გაჩნდა ახალი ფონდი ნაკვეთების - როგორც კი ახალი გზა გაივლის სადმე, კომერციულ მიწაზე მოთხოვნა იზრდება“
„გაჩნდა მიწის ნაკვეთების ახალი ფონდი“, - ამის შესახებ "ბიზნესპრესნიუსს" Brokeri.ge-ს დამფუძნებელმა, ილია ინაშვილმა უძრავი ქონების ბაზარზე არსებულ ტენდენციებზე საუბრისას განუცხადა.
მისივე თქმით, ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდებარე არეალებში კომერციულ მიწის ნაკვეთებზე მოთხოვნისა და ფასების ზრდას იწვევს.
როგორც ილია ინაშვილი განმარტავს, ახალი საგზაო არტერიების, შემოვლითი გზებისა თუ საბაჟო ტერმინალების მშენებლობა ბუნებრივად აჩენს თანმდევი კომერციული ობიექტების განვითარების საჭიროებას, რაც მესაკუთრეებს სტიმულს აძლევს, ბაზარს ახალი ნაკვეთები შესთავაზონ.
„რომ შევაჯამოთ 2025 წელი და გადავიდეთ 2026 წელზე, აქტივობა არ შენელებულა მიწის ნაკვეთების კუთხით. მნიშვნელოვანია, ყოველთვის გამოვყოთ რამდენიმე ტიპის მიწის ნაკვეთი - კომერციული და სასახლკარე.
კომერციულ მიწის ნაკვეთებზე მოთხოვნა მყისიერად ჩნდება იმ ადგილებში, სადაც ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა კეთდება ან რაიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება.
ასეთი ტიპის პროექტები ქალაქის გარშემო, როგორც ვიცით, უკვე მრავლად არის. თბილისის შემოვლით გზაზეა საუბარი, ასევე სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურულ პროექტზე, საბაჟო ტერმინალები კეთდება და ა.შ.
გვაქვს რამდენიმე მიმართულებით ქალაქის განვითარების გეგმები. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ქალაქში და ქალაქის გარშემო, კომერციულ მიწის ნაკვეთებზე ფასები მატულობს იმ ადგილებში, სადაც ინფრასტრუქტურული პროექტები კეთდება.
როგორც კი ახალი გზა გაივლის სადმე, იმ გზას აუცილებლად სჭირდება სხვადასხვა ტიპის კომერციული ობიექტი. შესაბამისად, ამ ტიპის კომერციული ობიექტებისთვის ჩნდება ახალი შესაძლებლობები, ახალი მიწის ნაკვეთები, რომლებიც გასაყიდად გამოაქვთ შემდეგ მესაკუთრეებს.
აქედან გამომდინარე, ახალმა საგზაო ინფრასტრუქტურულმა პროექტებმა შექმნეს ახალი კომერციული მიწის ნაკვეთები და შესაბამისად, გაჩნდა მიწის ნაკვეთების ახალი ფონდი“, - განაცხადა ილია ინაშვილმა.