„რუსთავში მიწის ფასები 50%-ით გაიზარდა - საკორპუსე ნაკვეთები უკვე დეფიციტურია“ - კიდევ სად ელოდებიან მიწის გაძვირებას
„ბოლო 2 წლის განმავლობაში, რუსთავში მიწის ნაკვეთებზე ფასები პრაქტიკულად, 50%-ით გაიზარდა“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ Broker.ge-ს დამფუძნებელმა, ილია ინაშვილმა უძრავი ქონების ბაზარზე არსებულ ტენდენციებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, რუსთავის ცენტრში საკორპუსე მიწები დეფიციტური ხდება.
„რუსთავი არის ერთ-ერთი ისეთი ქალაქი, რომლის განვითარებაც გარდაუვალია. ამ მიმართულებით ძალიან ბევრი სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურული პროექტი დაანონსდა.
ბოლო ორი წლის განმავლობაში, რუსთავში მიწის ნაკვეთების ფასების მზარდ ტენდენციას ვაკვირდებით. მოთხოვნა იზრდება როგორც საკორპუსე და კომერციულ, ისე სასახლკარე დანიშნულების ნაკვეთებზეც. ამ პერიოდში ფასები რადიკალურად შეიცვალა და შესაძლოა, 50%-იან მატებაზეც კი გვქონდეს საუბარი.
მიმაჩნია, რომ მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში, ეს ტენდენცია შენარჩუნდება. რთულია თქმა, რამდენად დეფიციტური გახდება მიწის ნაკვეთები, რადგან ქალაქს გაშლის და გაფართოების საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს.
თბილისისგან განსხვავებით, რელიეფი ძირითადად სწორია და არ არის მთაგორიანი, ამიტომაც ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით რუსთავი აუცილებლად განვითარდება. შესაბამისად, უახლოესი 10 წლის განმავლობაში, მიწის ნაკვეთების დეფიციტი მოსალოდნელი არ არის.
გამონაკლისია ცენტრალური უბნები, სადაც დეველოპმენტი იმდენად სწრაფად ვითარდება, რომ საკორპუსე მიწის ნაკვეთები უკვე დეფიციტური გახდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ალბათ, აქ რესურსი ამოიწურება და მშენებლობები, სავარაუდოდ, პერიფერიებზე გადაინაცვლებს“, - განაცხადა ილია ინაშვილმა.
მისივე თქმით, ამ კუთხით ასევე დიდი პერსპექტივაა ქუთაისსა და თელავში.
„სხვა რეგიონებიდან ასევე ქუთაისსა და თელავს გამოვყოფდი. ბათუმს, თავისთავად ცხადია, უზარმაზარი პოტენციალი აქვს და თავის სიტყვას იტყვის. თუმცა, მიწის ნაკვეთების კუთხით, ქუთაისსაც და თელავსაც საკმაოდ დიდი პერსპექტივა გააჩნია. ჩემი შეფასებით, მომდევნო 5-10 წლის განმავლობაში დავინახავთ, თუ რამდენად სწრაფად გაიზრდება ფასები ამ ორ ქალაქში“, - განაცხადა ილია ინაშვილმა.