თეგებით ძიება

რეგულაციები, მუშახელის დეფიციტი და ინფლაცია - რა არის სამშენებლო სექტორის მთავარ გამოწვევა

სამშენებლო სექტორში პროექტების განხორციელებას ყველაზე მეტად რეგულაციების ცვლილება, კვალიფიციური მუშახელის დეფიციტი და ინფლაციური პროცესები აფერხებს. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ „მწვანე ინვესტიციების“ დამფუძნებელმა გივი კორინთელმა განაცხადა.

მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ის არის, რომ დეველოპერები პროექტს კონკრეტულ პირობებში იწყებენ, თუმცა დასრულებამდე, რომელიც ხშირად სამიდან ოთხ წლამდე გრძელდება, შესაძლოა, არაერთი ახალი რეგულაცია ამოქმედდეს, რაც პროექტის ხარჯებს მნიშვნელოვნად ზრდის.

„თუ კონკრეტულად პროექტების განხორციელებაზე ვისაუბრებთ, ერთ-ერთ ხელისშემშლელ ფაქტორად რეგულაციები შეიძლება ჩაითვალოს. სანამ დეველოპერი ერთ პროექტს იწყებს და დაასრულებს, შესაძლოა, ამ სამი-ოთხი წლის განმავლობაში ისეთი რეგულაციები შემოვიდეს ან დაემატოს, რაც თავიდან გათვალისწინებული საერთოდ არ ჰქონდა. ეს, ბუნებრივია, პროექტის განვითარებას ართულებს,“ - აღნიშნა გივი კორინთელმა.

მისი შეფასებით, კიდევ უფრო მწვავე პრობლემად რჩება კვალიფიციური მუშახელის დეფიციტი, რომელიც ბოლო პერიოდში კიდევ უფრო გამწვავდა.

„მუშა ხელი ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ხელისშემშლელი მომენტია. ამაზე უკვე ყველა საუბრობს. საემიგრაციო პოლიტიკის გარკვეულმა გამკაცრებამ კვალიფიციურ მუშახელზე დეფიციტი კიდევ უფრო გააღრმავა და, შესაბამისად, მათი მომსახურების ღირებულებაც გაიზარდა,“ - ამბობს გივი კორინთელი.

კორინთელის თქმით, დამატებით გამოწვევას ინფლაციური პროცესებიც ქმნის, რადგან დეველოპერული პროექტები, როგორც წესი, მრავალწლიანია, ხოლო ბინების დიდი ნაწილი მშენებლობის საწყის ეტაპზევე იყიდება.

„დეველოპერის პროექტი ხშირად 4-წლიანია, მაშინ როცა გაყიდვების დაახლოებით 90% პირველ სამ თვიდან ერთ წლამდე პერიოდში სრულდება. ამის შემდეგ კომპანიას პრაქტიკულად მხოლოდ ხარჯები რჩება. ასეთ პირობებში ძალიან რთულია წინასწარ გათვალო, როგორ შეიცვლება სამშენებლო მასალების ფასი, ხელობის ღირებულება ან სხვა დანახარჯები. ამიტომ დეველოპერებს მუდმივად უწევთ ფინანსური გათვლების კორექტირება და ხშირად იმ მოგებას ვეღარ იღებენ, რასაც პროექტის დაწყებისას ელოდნენ,“ - განაცხადა გივი კორინთელმა.

მისი შეფასებით, სწორედ ამ ფაქტორების ერთობლიობა ქმნის გარემოს, სადაც სამშენებლო კომპანიებს პროექტების განხორციელება სულ უფრო რთულ პირობებში უწევთ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა