თეგებით ძიება

„უძრავი ქონების ფასი რეაბილიტირებულ ქუჩებზე 15-დან 30%-მდე იზრდება“ - ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ეფექტი

„რეაბილიტირებულ ქუჩებზე უძრავი ქონების ფასი 15%-დან 30%-მდე იზრდება“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრმა და Warm House-ის თანადამფუძნებელმა ბესო ქავთარაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ ისაუბრა.

მისი თქმით, ამის ერთ-ერთი მაგალითი ჭავჭავაძის გამზირია, რომლის რეაბილიტაციამ დადებითი გავლენა იქონია განსაკუთრებით კომერციულ ფართებზე.

როგორც ბესო ქავთარაძე „ბიზნესპრესნიუსთნ“ საუბრისას აღნიშნავს, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ქუჩაზე გადაადგილებას უფრო მარტივს ხდის, ეს კი, თავის მხრივ, ფეხით მოსიარულეთა და მომხმარებლების ნაკადის ზრდას უწყობს ხელს.

„რეაბილიტირებულ ქუჩებზე უძრავი ქონების ფასი 15%-დან 30%-მდე იზრდება, გააჩნია ქუჩას. ჭავჭავაძის მაგალითი რომ ავიღოთ,15%-დან 30%-მდე არის ზრდა. რადგან ახლა იქ მოწესრიგებული ინფრასტრუქტურაა, ბევრად უფრო მარტივი გადასაადგილებელია ფეხით მოსიარულისთვის, ტრაფიკი შესაბამისად იზრდება.

თუმცა, რუსთაველის გამზირს ტრაფიკი ისედაც არ აკლდა, იმიტომ რომ ქალაქის ცენტრალური ნაწილია და ერთ-ერთი მაგისტრალური, დატვირთული ქუჩაა. შესაბამისად, ფასშიც ალბათ ეს უკვე აისახება“, - განაცხადა ქავთარაძემ.

მისივე განმარტებით, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ეფექტი პირველ რიგში საიჯარო ფასებზე აისახება, რაც შემდგომ ქონების გასაყიდ ფასზეც მოქმედებს.

„ქირაზე უფრო არის ხოლმე ეს გავლენა. რუსთაველზე ძირითადად კომერციული ფართები საცალო რითეილის ფორმატში არ იყიდება. იმიტომ, რომ ძალიან ლიკვიდური ზომის უძრავი ქონება გვაქვს მაგ ტერიტორიაზე და ყოველთვის ყველაზე მოთხოვნადი და ტოპ ლოკაციაა.

თუმცა, რა თქმა უნდა, გასაყიდ ფასზეც ავტომატურად აისახება - ქირა იზრდება, შესაბამისად, მერე უკვე კაპიტალიზაცია იზრდება და შესაბამისი გასაყიდი ფასიც იმატებს“, - ამბობს ბესო ქავთარაძე.

მისი თქმით, რუსთაველის გამზირზე მოთხოვნა ტრადიციულად მაღალია და თავისუფალი კომერციული ფართები, როგორც წესი, მალევე ივსება.

„მოთხოვნა ყოველთვის ძალიან მაღალია. რადგან რუსთაველზე ვსაუბრობთ, ამ ქუჩაზე ვაკანტური ადგილი ფაქტობრივად არასდროს არის. თუ რამე თავისუფლდება, მალევე ივსება. ქუჩა არ არის იმ ზომის, რომ ბევრი უძრავი ქონება იყოს“, - აცხადებს ბესო ქავთარაძე.

რაც შეეხება თბილისის ყველაზე მოთხოვნად უბნებს, მისი შეფასებით, კომერციული უძრავი ქონების შემთხვევაში კონკრეტული უბნის დასახელება ყოველთვის ვერ განსაზღვრავს მოთხოვნას, რადგან გადამწყვეტი მნიშვნელობა კონკრეტულ ლოკაციას აქვს.

„კომერციული მიმართულებით უბანს ასე ვერ გამოვყოფ. შეიძლება იყოს ცენტრალური უბანი, თუმცა იმ კონკრეტულ ლოკაციაზე რაღაც არ იყოს დიდად მოთხოვნადი. მაგალითად, ყაზბეგის გამზირზე მარცხენა მხარე, ზემოდან ქვემოთ რომ ჩამოვდივართ, სულ დატვირთულია კომერციულად, მარჯვენა მხარეს კი შედარებით ნაკლებად. პეკინის ნაწილშიც არის კონკრეტული ლოკაციები, სადაც ყოველთვის მაღალია მოთხოვნა და არის კონკრეტული ნაწილები, სადაც არ არის იმდენად მოთხოვნა.

სხვა უბნებს რაც შეეხება, ალბათ, უფრო ტრანსპორტთან ახლოს, მეტროსთან სიახლოვე არის მნიშვნელოვანი. თუ გარე უბნებს ავიღებთ - გლდანსა და ვარკეთილში - ყოველთვის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაა ყველაზე აქტუალური და მოთხოვნადი“, - ამბობს ბესო ქავთარაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა