„ბევრი სამშენებლო მასალა შემოდის ირანიდან - თუ აშშ-ს სანქციები ბიზნესს და ვაჭრობას შეეხო, მაშინ შესაძლოა, ფასები გაიზარდოს“
ირანის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა საქართველოში უძრავი ქონების ბაზარზე, განსაკუთრებით - სამშენებლო სექტორზე, შესაძლოა, გარკვეული გავლენა იქონიოს. როგორც Primelist Global-ის დამფუძნებლი გივი კორინთელი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, ირანელი ინვესტორების წილი საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე შედარებით მცირეა, თუმცა სამშენებლო სექტორი ირანიდან იმპორტირებულ მასალებს აქტიურად იყენებს.
სხვა მხრივ კი, როგორც გივი კორინთელი აღნიშნავს, საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე ირანელი ინვესტორების დაბალი წილის გამო, სანქციების პირდაპირი გავლენა სექტორში ინვესტიციებსა და გაყიდვებზე, სავარაუდოდ, ნაკლები იქნება.
„სხვა უცხოელ ინვესტორებთან შედარებით, ირანელების წილი დაბალია, ამიტომ ვფიქრობ, რომ უძრავი ქონების ბაზარს, კერძოდ, ინვესტიციების და გაყიდვების მიმართულებით, ეს ფაქტორი ნაკლებად შეეხება. ისინი, როგორც წესი, ამ ბაზარზე დიდად არ აქტიურობდნენ.
თუმცა, მეორე მხრივ, ძალიან ბევრი სამშენებლო მასალა, მოსაპირკეთებელი და სხვა სახის ნედლეული შემოდის ირანიდან. ძალიან ბევრი ირანული კომპანიაა, რომელიც ოპერირებს საქართველოში ამ მიმართულებით, ამასთან, ირანული მასალა გამოირჩევა დაბალი ფასით. ბევრი კომპანია იყენებს ირანულ მასალას.
შესაბამისად, ეს შეფერხება თუ ბიზნესებს შეეხო, მაშინ ამან შეიძლება გარკვეული გადაადგილებები გამოიწვიოს. იქიდან გამომდინარე, რომ ირანული მასალა ბაზარზე სიიაფით გამოირჩევა, ეს ეხება იგივე ბიტუმს, მოსაპირკეთებელ ფილებს, არმატურასაც კი. არის რაღაც კომპონენტები, რომლებსაც სამშენებლო კომპანიები იყენებენ.
მაგრამ ალბათ, უფრო მოვლენების განვითარებას უნდა დაველოდოთ, რამდენად შეეხება ბიზნესებს ეს ყველაფერი.
თუ ეს სანქციები ბიზნესს შეეხო და ვაჭრობას, მაშინ ფასების ნაწილზე იმოქმედებს არამხოლოდ სამშენებლო სექტორში, არამედ ეკონომიკის სხვა დარგებზეც“, - განაცხადა გივი კორინთელმა.
ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების „ლინდსი გრემის კანონპროექტი“ მიიღო, რომელიც ირანის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივებასაც ითვალისწინებს.
შეგახსენებთ იმასაც, რომ შეერთებულმა შტატებმა „Economic Outcast“-ის ფარგლებში ირანის ყველა ავიაკომპანიას სანქციები დაუწესა. სანქცირებულ ავიაკომპანიებს შორის რამდენიმე (Qeshm Air, Sepehran Airlines, Iran Aseman Airlines, Varesh Airlines და Fly Kish Airlines) რეისებს საქართველოშიც ასრულებს.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში აცხადებენ, რომ ქვეყანა ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციურ მექანიზმებს ითვალისწინებს.
რაც შეეხება საქართველო-ირანს შორის ვაჭრობას, 2026 წლის 8 თვეში საქართველოდან ირანში ექსპორტი წლიურად 747%-ით გაიზარდა, ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა კი 78%-ით, რაც 2009 წლიდან მოყოლებული, ანალოგიურ პერიოდებთან შედარებით, ისტორიული მაქსიმუმია (საგარეო ვაჭრობის პორტალზე მონაცემები 2009 წლიდან არის ხელმისაწვდომი).