საზარელი მკვლელობის ახალი დეტალები, ვინ მოკლა დედა-შვილი წამებით?
2 თებერვალს, ფონიჭალაში მომხდარმა საზარელმა მკვლელობამ მთელი ქვეყანა შოკში ჩააგდო – 35 წლის ქალი და მისი 4 წლის ქალიშვილი ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. დედას ყელი ჰქონდა გამოჭრილი, მცირეწლოვანი კი მთლიანად დამწვარი იყო. მედიაში ამ საზარელი დანაშაულის შესახებ არაერთი ვერსია გავრცელდა.მათთან საუბრით ირკვევა, რომ მკვლელი ოთარ მამფორიას ოჯახს საკმაოდ კარგად იცნობდა, ისიც ზედმიწევნით ზუსტად იცოდა, როდის გადიოდა სახლიდან ოთარ მამფორია.
გამოძიებით დადგენილია, რომ მკვლელობა დაახლოებით დილის 11-დან 11:30 საათამდე მოხდა, მანამდე კი მოვლენები ასე ვითარდება: ოთარ მამფორია ბინას დილის 08:00 საათზე ტოვებს, დაახლოებით 10 წუთში მეუღლეს ფანჯრიდან სახლში დარჩენილი საფულის გადმოგდებას სთხოვს, რის შემდეგაც გვერდით კორპუსში მცხოვრებ მამიდაშვილთან ერთად სამსახურში მიდის. დაახლოებით 08:30 საათზე სახლიდან სკოლაში მიდის მამფორიას უფროსი შვილი (პირველი ქორწინებიდან) მერაბი. ბინაში ნონა რამინაძე და მისი მცირეწლოვანი ქალიშვილი რჩებიან. როგორც ჩანს, მკვლელმა ოთარ მამფორიას მეორე შვილს სახლის თავისუფლად დატოვების საშუალება მისცა და სწორედ ამის შემდეგ ესტუმრა მამფორიების ოჯახს.
ნონა რამინაძისთვის დილის სტუმარი უცხო რომ არ იყო, ამას რამდენიმე გარემოება ადასტურებს. კერძოდ, მეზობლები ყვებიან, რომ გამოძიებამ ბინაში ორ ადამიანზე განკუთვნილი ყავის ჭიქები იპოვა. ცხადია, უცნობ ადამიანს არც სახლში შეიპატიჟებ და მით უმეტეს, არც ყავას მოუდუღებ. საგულისხმოა ისიც, რომ რამინაძის ცხედარი საძინებლის სამოსით, ე.წ. პიჟამოებით აღმოაჩინეს, რაც, ასევე, მიუთითებს, რომ მკვლელთან მას საკმაოდ შინაურული დამოკიდებულება ჰქონდა. შესაბამისად, ისმის კითხვა, ვის შეეძლო ჰქონოდა მასთან ამ ტიპის ურთიერთობა?
მეზობლები ყვებიან, რომ ასეთი ახლო ურთიერთობა აწ გარდაცვლილ ქალბატონს ბევრთან არ ჰქონია. მამფორიები თავად მეოთხე სართულზე ცხოვრობდნენ, სამეზობლოდან ყველაზე ახლო კონტაქტი მე-7 სართულზე მაცხოვრებლებთან ჰქონდათ. ამ ოჯახებს ნათელ-მირონიც აკავშირებთ. ასევე, ურთიერთობდნენ გვერდით კორპუსში მცხოვრებ ოთარ მამფორიას მამიდაშვილის ოჯახთან და მის მოპირდაპირე კორპუსში მცხოვრებ ოთარ მამფორიას პირველი მეუღლის ძმასთან. ჩვენ ამ ოჯახებსაც ვესტუმრეთ. გაირკვა, რომ ყველა მათგანი გამოძიებას უკვე დაკითხული ჰყავს.
„არავინ არაფერს ამბობს. ფაქტია, რომ მკვლელობაა, მაგრამ არაფერი ვიცით. ეს კაცი კაი ხანია აქ ცხოვრობს, ქალი რამდენიმე წელია, რაც მოიყვანა ცოლად. არაჩვეულებრივი დედა და მეუღლე იყო, როგორც ვიცი. ჩაკეტილი გოგო იყო, მეზობლებთან ახლო ურთიერთობა არ ჰქონია, ეკლესიაში თუ შევხვდებოდით. წინა დღეს აზიარა ბავშვი. ჩვენ თვითონ შოკში ვართ, მეზობლებს უკვე გვეშინია კარის გაღების და გარეთ გასვლის“, – ამბობს მამფორიების მეზობელი.
მისი ნაამბობით ირკვევა, რომ ბინა, სადაც მკვლელობა მოხდა, ოთარ მამფორიას პირველ მეუღლეს ეკუთვნოდა, რომელიც დაახლოებით 6 წლის წინათ ამავე ბინის აბაზანაში 7 თვის ორსული გარდაიცვალა. „გარდაცვალების მიზეზად ეპილეფსია დასახელდა, მაშინ ვერც ჩვილის გადარჩენა მოხერხდა“, – გვიყვება ერთ-ერთი მეზობელი.
პირველი მეუღლისგან ოთარ მამფორიას ერთი ვაჟი – მერაბი დარჩა, რომელიც იმ დროს პირველი კლასის მოსწავლე გახლდათ. დაახლოებით ერთი წლის შემდეგ კი ოთარმა ნონა რამინაძეზე იქორწინა და ქალიშვილიც შეეძინათ. მეორე ცოლი მან პირველი ცოლის ბინაში მიიყვანა. გავარკვიეთ, რომ ბოლო პერიოდში ნონა და ოთარი ბინის მათ სახელზე გაფორმებას და გარემონტებას აპირებდნენ.
შსს-ში გამოძიების დეტალებზე არ საუბრობენ, თუმცა განგვიმარტეს, რომ ყველა ამოღებულ ნივთმტკიცებას ექსპერტიზა უტარდება და საქმის ირგვლივ არაერთი პირია დაკითხული. რა ვერსია გამოიკვეთება ძიების შედეგად, ამის შესახებ ინფორმაციას შსს, სავარაუდოდ, მოგვიანებით გაავრცელებს.
ავტორი ნათია ჩაფიძე
სპეციალურად GOGAGGG.COM-ისთვის