პარტიული სიით არჩეულმა დეპუტატობის კანდიდატებმა ნარკოლოგიური შემოწმება უნდა გაიარონ
ხვალ არის ბოლო ვადა, როცა პარტიული სიით არჩეულმა დეპუტატობის კანდიდატებმა ნარკოლოგიური შემოწმება უნდა გაიარონ.
პარლამენტის წევრად არჩეულ პირთა ნარკოლოგიურ შემოწმებას ”საარჩევნო კოდექსი” ითვალისწინებს, რომლის მიხედვით, კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-7 დღისა, წინასწარი მონაცემებით, საარჩევნო ზღურბლგადალახული პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების პარტიული სიიდან არჩეულმა პარლამენტის წევრობის ყველა კანდიდატმა ნარკოლოგიური შემოწმება უნდა გაიაროს. მათზე უნდა შედგეს შესაბამისი ცნობა, რომელშიც აღინიშნება, რომ პარლამენტის წევრობის კანდიდატი ჯანმრთელია ან ნარკოტიკების მომხმარებელია.
საარჩევნო კანონმდებლობის გათვალისწინებით, თუკი პარლამენტის წევრად არჩეული პირი კანონით დადგენილ ვადაში ნარკოლოგიურ შემოწმებას არ გაივლის და ნარკოლოგიურ შემოწმებაზე უარს განაცხადებს, პარლამენტი ვალდებულია მიიღოს დადგენილება, პარლამენტის წევრის უფლებამოსილების არცნობის შესახებ.
”საარჩევნო კოდექსში” პირდაპირ წერია, რომ საქართველოს პარლამენტის წევრად არ შეიძლება აირჩეს ნარკომანი ან ნარკოტიკების მომხმარებელი, ხოლო თუ ეს პირი შესაბამისმა საარჩევნო კომისიამ არჩეულად გამოაცხადა, პარლამენტს უფლება არა აქვს, ცნოს მისი უფლებამოსილება.
ნარკოლოგიური შემოწმების ჩატარების უფლების მქონე დაწესებულებამ ნარკოლოგიური შემოწმების დამადასტურებელი ცნობა და პარლამენტის არჩეულ წევრთა სია, რომლებმაც ნარკოლოგიური შემოწმება გაიარეს, ცესკოს 22 ოქტომბრამდე უნდა წარუდგინოს.
ამასთან, მაჟორიტარობის კანდიდატებს ნარკოლოგიური შემოწმების გავლა და ცესკოსთვის შესაბამისი ცნობის წარდგენა არჩევნებამდე მოეთხოვებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დეპუტატობის კანდიდატი, რომელიც მაჟორიტარულ ოლქში იყრის კენჭს, საარჩევნო რეგისტრაციას ვერ გაივლის.
interpressnews.ge