შს მინისტრის ყოფილმა მოადგილემ გია ლორთქიფანიძემ საქართველოში ჩამოსვლა გადაიფიქრა
შს მინისტრის ყოფილი მოადგილე გია ლორთქიფანიძე საქართველოში არ ჩამოვიდა. უკრაინის შსს-ს ოდესის ოლქის პოლიციის უფროსი საქართველოში ჩამოსვლას 15 ოქტომბერს გეგმავდა, თუმცა მან საქართველოში დაბრუნება გადაიფიქრა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” ლორქიფანიძის ადვოკატმა გიორგი გელხაურმა განუცხადა, ლორთქიფანიძემ საქართველოში დაბრუნება იმის გამო გადაიფიქრა, რომ პროკურატურამ და სასამართლომ მისი გამოძიებასთან თანამშრომლობის გარემოება არ გაითვალისწინეს და წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს.
”მთელი რიგი მიზეზების გამო აღარ აპირებს ჩამოსვლას. ის თანამშრომლობდა გამოძიებასთან და მზად იყო ეთანამშრომლა დღესაც, თუმცა ამის მიუხედავად, ეს გარემოება არ გაითვალისწინეს, დაუსწრებლად წაუყენეს ბრალი და შეუფარდეს პატიმრობა. აქედან გამომდინარე, გია ლორთქიფანიძე თავისი ინტერესების დაცვას უკრაინიდან გააგრძელებს და მისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გასაჩივრებას სტრასბურგის სასამართლოში აპირებს”, - განაცხადა გელხმაურმა.
რაც შეეხება ოდესის პოლიციის უფროსის დისტანციური წესით დაკითხვის შესაძლებლობას, როგორც ადვოკატი აღნიშნავს, გია ლორთქიფანიძე დღესაც მზადაა ჩვენების მიცემისთვის თუ გამოძიებას ამის საჭიროება აქვს.
შს მინისტრის ყოფილ მოადგილე გია ლორთქიფანიძეს ბრალი 2011 წლის 26 მაისის საქმეზე აქვს წაყენებული. მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. სასამართლო პროცესზე, რომელზეც მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს, გია ლორთიქიფანიძის ადვოკატმა, თბილისის საქალაქო სასამართლოსა და მთავარ პროკუროის მიმართ გამოგზავნილი ლორთქიფანიძის წერილები წაიკითხა, სადაც ის აცხადებდა, რომ 15 ოქტომბერს მის ამჟამინდელ სამსახურში შვებულებას იღებდა და ამავე დღეს აპირებდა საქართველოში ჩამოსვლას. ადვოკატმა სასამართლოს მტკიცებულების სახით ლორთქიფანიძის მიერ შეძენილი თვითმფრინავის ბილეთიც წარუდგინა.
interpressnews.ge