თეგებით ძიება
30. 10. 2024 ვიდეო

"გახარია საქართველოსთვის" წევრს უკვე მესამედ დაესხნენ თავს - ნაცემია ყოჩიშვილის მოხუცი მამა

პარტია "საქართველოსთვის" წევრს ლია ყოჩიშვილს და მის მოხუც მამას საკუთარ სახლში დაესხნენ თავს. კაცს მძიმე დაზიანებები მიაყენეს. ყოჩიშვილი მომხდარს მის პოლიტიკურ პოზიციას უკავშირებს.

ოპოზიციონერი ძალადობაში მცხეთის საკრებულოს დეპუტატის ძმას,  გურამ ჯიქიას ადანაშაულებს. შემთხვევა 28 ოქტომბერს მოხდა:

"მამაჩემი იწვა, მე ჭურჭელს ვრეცხავდი რომ შემოიჭრა სამზარეულოში და რომ შემოვიდა სახე ჰქონდა ძალიან შეშლილი და მე მივხვდი, რომ ეს კარგი განწყობით არ იყო შემოსული ჩვენთან. პირდაპირ მამაჩემისკენ წავიდა, ამ დროს მე ჩავუდექი შუაში და პირველი მე დამარტყა სახის არეში, მე იმდენად ძლიერად დამარტყა რომ დაბლა მეტლახზე დავვარდი.

პოლიტიკურს ვუკავშირებ მე. სულ ვაპროტესტებ "ქართულ ოცნებას" და ჩემზე თავდასხმები ხორციელდება მას შემდეგ, რაც მე და ბატონი შალვა კერესელიძე ვიმყოფებოდით ქსნის საზოგადოებრივ სკვერში, საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით. აი მის შემდეგ ხორციელდება უკვე ჩემზე თავდასხმები და ეს დაკვეთა მოდის გიორგი ჯიქიასგან," - ამბობს ლია ყოჩიშვილი.

ცნობისთვის, ჯერ კიდე წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ყოჩიშვილისთვის ქსანში მანქანის დაჯახება სცადეს. როგორც "გახარია საქართველოსთვის" დეპუტატი, შალვა კერესელიძე აცხადებდა, მომხდარში "ოცნების" წევრის, დიმიტრი ხუნდაძის დაჯგუფების წევრი გიორგი მურჯიკნელი ფიგურირებდა.

მოგვიანებით კი  თავს დაესხნენ ლია ყოჩიშვილის დედასაც.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა