არსებული ინფორმაციით, გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეში ბრალდებულებს ნათესაური კავშირი აქვთ
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეში ბრალდებულებს ნათესაური კავშირი აქვთ, - ამის შესახებ ამავე საქმეზე დაკავებულის, ბორის ჩაგუნავას მეუღლე ნატა ჩაგუნავამ „იმედს“ განუცხადა.
როგორც ნატა ჩაგუნავამ აღნიშნა, დავით ხეჩუაშვილსა და მათ შორის არსებობს ნათესური კავშირი და ხეჩუაშვილი ჩაგუნავების სიძეა.
მისივე თქმით, დავით ხეჩუაშვილს მისი კუთვნილი ავტომობილი ჩაგუნავებზე ჰქონდა გადაფორმებული.
რაც შეეხება საქმეში დაკავებულის მონაწილეობას, ნატა ჩაგუნავას თქმით, მისი მეუღლე რეალურად იმის გამო დააკავეს, რომ „ამ ავტომობილში თითქოს ჩხრეკის შედეგად იარაღები აღმოჩნდა“.
„რა პრობლემაა, რომ ნათესავის მანქანა გადაიფორმო? ეს ჩვეულებრივი რაღაცაა. რადგან იქ იარაღი იყო, რადგან ჩვენზეა გაფორმებული, ჩვენ მოგვაწერეს. ასე ამბობენ, რომ მანქანაში იყო იარაღი, თუმცა ჩვენ ეს არ დაგვინახავს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ამ მანქანით პატარები დაგვყავდა“, - განუცხადა ნატა ჩაგუნავამ ტელეკომპანია „იმედს“.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დეპუტატ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე ერთი პირი დააკავა, ერთს კი დაუსწრებლად ბრალი წარუდგინა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა.
უწყების ინფორმაციით, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაკავებულია 1976 წელს დაბადებული ბ.ჩ, მე-19/109 მუხლებით კი ბრალი 1974 წელს დაბადებულ დ.ხ-ს წარედგინა.
"გამოძიებამ დაადგინა, რომ გივი თარგამაძის ავტომანქანის უკანა მარცხენა ფრთიდან აღებული ბიოლოგიური მასალიდან გამოყვანილი გენეტიკური პროფილი ბრალდებული დ.ხ.-ს მშობლების გენეტიკური პროფილების იდენტურია. ბრალდებული პირისა და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით, ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს", - განაცხადეს შსს-ში.
უწყებამ დღევანდელ ბრიფინგზე საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში ამოღებული ნივთების შესახებ ინფორმაციაც გაასაჯაროა.
"მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს თბილისში მოქალაქე გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების ფაქტზე მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, საგამოძიებო ჯგუფის მიერ თბილისის სხვადასხვა ტერიტორიაზე ერთდროულად განხორციელდა აღნიშნულ დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებით იდენტიფიცირებული პირისა და მასთან კავშირში მყოფი პირების საცხოვრებელი ბინების და ავტოფარეხის ჩხრეკა.
სამართალდამცველებმა ჩხრეკის შედეგად ამოიღეს:დაბეჭდილი ლიტერატურა, ასევე, ხელნაწერი, სადაც აღწერილია ასაფეთქებელი ნივთიერების დამზადების წესი; დისტანციურად ასაფეთქებელი ნივთიერების დასამზადებლად საჭირო ნივთები; დისტანციური პულტები; ელექტროსადენები და სხვადასხვა დეტალი; დაზარალებული გივი თარგამაძის საცხოვრებელი და სამუშაო ადგილების გეგმა და ნახაზები; მოთეთრო ფერის ფხვნილი - ასაფეთქებელი ნივთიერება ჰექსოგენი; 2 მოწითალო ფერის შეკვრა - ასაფეთქებელი ნივთიერება ტროტილი; 1 მომწვანო ფერის შეკვრა - ასაფეთქებელი ნივთიერება ტროტილი; მუყაოს 3 კოლოფი, მასში არსებული სხვადასხვა ზომის ლითონის ფრაგმენტებით; „აკ-47“-ის მოდელის 1 ავტომატი მაყუჩით; „აკს-უ“-ს მოდელის 1 ავტომატი; იარაღის ოპტიკური სამიზნე მოწყობილობა; 6 ხელყუმბარა; 16 მჭიდი; 2112 ვაზნა; ლულისქვეშა სასროლის 16 ყუმბარა; 3 ფალია და სხვა,"- განმარტეს შსს-ში.
interpressnews.ge