რომან გოცირიძე დარწმუნებულია, რომ სანდრა რულოვსი პარლამენტში შევა
არ ვაპირებ პარტიის შიდა საქმის საჯაროდ გამოტანას ზოგიერთების გულის გასახარად, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ იმ კითხვის საპასუხოდ განუცხადა, იყო თუ არა პარტიის პოლიტსაბჭო ჯერ კიდევ 11 ოქტომბერს ინფორმირებული სანდრა რულოვსის გადაწყვეტილების შესახებ, რომ იგი არ მიიღებდა მონაწილეობას არჩევნების მეორე ტურში.
გოცირიძის თქმით, ეს არის სანდრა რულოვსის პირადი გადაწყვეტილება, თუმცა მათი მიზანი საერთო რჩება და პარტია აგრძელებს ბრძოლას მეორე ტურებში.
"საკონსტიტუციო უმრავლესობა თავისთავად არ არის უბედურება, უბედურება არის ის, როდესაც ამას იყენებს არაკონსტიტუციურად, არაფორმალურად საზოგადოების გარკვეული ჯგუფი. ჩვენი პროგრამა მინიმუმი არის, რომ ჩვენ არ დავუშვათ საკონსტიტუციო უმრავლესობა არაფორმალური მმართველის ხელში, ხოლო პროგრამა მაქსიმუმი - როგორც იტყვიან, ოცნებას ადამიანი არ მოუკლავს - 45 ადგილი თუ ავიღეთ, მაშინ ჩვენ მივიღებთ უმრავლესობას. ამიტომ რატომაც არა? ცდა ბედის მონახევრეა. ჩვენ ვცდით, ჩვენ ვიბრძვით და ჩვენ ეს დავამტკიცეთ თუნდაც მარნეულში და ჩვენ ამას დავამტკიცებთ მეორე ტურშიც",- განაცხადა რომან გოცირიძემ.
რაც შეეხება იმას, შევა თუ არა სანდრა რულოვსი პარლამენტში, რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ამის თაობაზე საუბარი არ ყოფილა.
"მე დარწმუნებული ვარ, რომ შევა",- დასძინა მან.
interpressnews.ge