ფუნდამენტალური ხასიათის შეცდომები იქნა დაშვებული, რომლის შედეგებსაც ახლა ვიმკით - დემურ გიორხელიძე
ჩვენ ტრადიციული, ქრისტიანული კულტურა ვართ. დასავლური ცივილიზაციაც ძირითადად, ქრისტიანული კულტურაა, ამიტომ ჩვენ ფასეულობათა ერთნაირი სისტემა გვაქვს. ბოლო 30 წლის განმავლობაში დასავლეთმა დამფუძნებელი მამების გზას გადაუხვია და გაჩნდა ის ნეოლიბერალიზმში გახვეული უკიდურესი ნეოტროცკიზმი, როგორიცაა ლგბტ პროპაგანდა, ვოუკიზმი და ა.შ. რაც სრულიად არადამახასიათებელია კლასიკური დასავლური კულტურისთვის. - ამის შესახებ TIA.GE-სთან ინტერვიუში ეკონომიკის ექსპერტმა, დემურ გიორხელიძემ განაცხადა.
„დავიწყოთ იმით, რომ საქართველო კოლექტიურ დასავლეთზე ეკონომიკურად დამოკიდებული არაა და დასავლეთის არც ერთი ქვეყანა ჩვენი პრიორიტეტული სავაჭრო ეკონომიკური პარტნიორი არ გახლავთ. რატომ არ არის ევროკავშირი ჩვენი მთავარი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორი ეს უკვე სხვა საკითხია და სხვანაირ პასუხს მოითხოვს, თუმცა ასე რომ იქნებოდა, თავისთავად ცხადი იყო. ის, რითიც დასავლეთზე დამოკიდებული ვართ, ასიათასობით ქართველი ემიგრანტია, რომელიც დასავლეთის ქვეყნებში მძიმე შრომას ეწევა და ოჯახებში ფულს აგზავნის. თუ ემიგრანტები ფულის გზავნას შეწყვეტენ, თავიანთ ოჯახებს დააზიანებენ და არა ქართულ ეკონომიკას. მოხმარების თვალსაზრისით, რა თქმა უნდა ჩვენი ემოგრანტების მიერ გამოგზავნილი ფული მნიშვნელოვანია, რადგან მათი ოჯახების მეშვეობით ქვეყანაში საკმაოდ კარგი მოხმარების დონეა, მაგრამ თუ ეს ფული ქვეყანაში არ შემოვა, კატასტროფა არ მოხდება, რადგან ამას სხვა საშუალებები იოლად გადაფარავს. რაც შეეხება საქართველოს პოლიტიკურ სასჯელს, გეოპოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, აშშ-ის მხრიდან საქართველოს „დასჯა“ ვერ მოხერხდება, ევროპელებისგან ყველაფერია მოსალოდნელი, თუმცა მათ არაფერი შეუძლიათ.“ - განაცხადა გიორხელიძემ.
მისი თქმით, აშშ-მ ქართული თავისებურებები და მენტალიტეტი არ გაითვალისწინა.
„ჩვენ ტრადიციული, ქრისტიანული კულტურა ვართ. დასავლური ცივილიზაციაც ძირითადად, ქრისტიანული კულტურაა, ამიტომ ჩვენ ფასეულობათა ერთნაირი სისტემა გვაქვს. ბოლო 30 წლის განმავლობაში დასავლეთმა დამფუძნებელი მამების გზას გადაუხვია და გაჩნდა ის ნეოლიბერალიზმში გახვეული უკიდურესი ნეოტროცკიზმი, როგორიცაა ლგბტ პროპაგანდა, ვოუკიზმი და ა.შ. რაც სრულიად არადამახასიათებელია კლასიკური დასავლური კულტურისთვის. პოლიტიკური გლობალისტური ელიტების მეშვეობით ეს ყველაფერი საქართველოში გადმოიტანეს ისე, რომ კარგად ვერ წარმოიდგინეს, რომ ეს კულტურა ამას არასოდეს მიიღებდა. ამერიკელების მეორე უდიდესი შეცდომა ისაა, რომ კარგად არ იცოდნენ ქართული კულტურა, მენტალობა, ისტორია და მილიარდ დოლარზე მეტი ე.წ. არასამთავრობოების და „ცისარტყელა პარტიების“ შექმნაში ჩადეს. ვერ გაითვალისწინეს, რომ ამ ხალხის მეშვეობით ქართველების მართვა შეუძლებელი იყო. 30 წლის წინ ფაქტობრივად, მთელი საქართველო დასავლეთისკენ მიისწრაფოდა და სწორად მიისწრაფოდა, იმიტომ, რომ 200 წელი სხვა სამყაროში ვიყავით და უკეთესი, უკეთ აწყობილი სამყარო გამოჩნდა. ქართველების შეცდომა ის იყო, რომ არ იფიქრეს რა სჭირდებოდა საკუთარ ქვეყანაში ისეთი სახელმწიფოების აშენებას, როგორიც დასავლეთში აშენდა. ქართველის დაშინება კონტრპროდუქტიულია, ქართველი უნდა შეასახელო. ეს რომ ამერიკელებს სცოდნოდათ, ქართულ კულტურას და წარსულს განსაკუთრებულ პატივისცემით მოექცეოდნენ, საქართველოს ღირსეულ მოქალაქეებს მისცემდნენ საშუალებას, რომ 90-იანი წლების უბედურებების შემდეგ ქვეყანა ფეხზე დაეყენებინათ. განვითარებული და წარმატებული საქართველო და ქართველი ამერიკელების უერთგულესი სტრატეგიული მოკავშირე იქნებოდა. როდესაც 2000 წელს, ვაშინგტონში, ამერიკის უშიშრების საბჭოში ვთქვი, რომ გვინდა ჩვენი სტრატეგიული პარტიორები იყოთ თქო, უზარმაზარი თანამდებობის პირმა მადლობა გადამიხადა - გმადლობთ, რომ ასე ფიქრობთო, მაგრამ ეს ხაზი არ გაგრძელდა და ამაში დამნაშავეები არა ქართველები, არამედ ამერიკელები არიან.
საქართველოს წარმატების ერთადერთი მოდელი ქართულ კულტურზე მორგებული დასავლური ტიპის სახელმწიფოა და არა ის გაუნათლებელი საუბარი, რომ დასავლური ფასეულობები უნდა შემოვიტანოთო. ჯერ ერთი, დემოკრატიას ფასეულობები არ გააჩნია, დემოკრატია არის პროცედურები ადამიანთა ერთი ჯგუფიდან როგორ გადსაცე ძალაუფლება მეორე ჯგუფს. ფასეულობებს რაც რაც შეეხება, ფასეულობები კატეგორიათა იმ სისტემას მიეკუთვნება, რომელიც კულტურისთვის არის დამახასიათებელი და ორ ქრისტიანულ კულტურას - ფანტასტიკურ დასავლურ კულტურას, რომელიც თავად დასავლეთში შეურაცხყვეს და საოცარ ქართულ კულტურას ერთნაირი ფასეულობები აქვთ. ფუნდამენტალური ხასიათის შეცდომები იქნა დაშვებული, რომლის შედეგებსაც ახლა ვიმკით.“ - ამბობს გიორხელიძე TIA.GE-სთან.