თეგებით ძიება

მთავრობამ უკანონოდ აშენებული სახლების დაკანონებისთვის დამატებითი კრიტერიუმები და გეოგრაფიული არეალები განსაზღვრა

მთავრობის დადგენილებით, დამტკიცდა ის გეოგრაფიული არეალები, სადაც ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე 2023 წლის 1 დეკემბრამდე უნებართვოდ ან პროექტის დარღვევით აშენებული სახლების კანონიერად მიჩნევისთვის განისაზღვრა დამატებითი კრიტერიუმები.

კერძოდ, 17 ოქტომბრის დადგენილებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ არეალებს შორისაა: შოვი, უწერა, ბაკურიანი, იყალთო, მცხეთა, მიტარბი, სტეფანწმინდა, სურამი, თუშეთი, წყალტუბო, ბახმარო, ურეკი, ველისციხე, აბასთუმანი, ლებარდე, მალთაყვა, მრავალძალი, ნიკორწმინდა, შაორი, ჭრებალო, ზუგდიდი და სხვა.

"ამ დადგენილების დანართით გათვალისწინებულ გეოგრაფიულ არეალებში ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე 2023 წლის 1 დეკემბრამდე უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი (დამხმარე შენობა-ნაგებობით, მისი არსებობის შემთხვევაში) ლეგალიზებას არ საჭიროებს და კანონიერად მიიჩნევა, თუ იგი აკმაყოფილებს კოდექსის 141​(8) მუხლით დადგენილ მოთხოვნებს და მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ გაცემული ცნობით დადასტურდება მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობების თავსებადობა სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმებით ან/და მათი კონცეფციებით განსაზღვრულ შესაბამის სივრცით კატეგორიასთან ან/და ფუნქციურ ზონასთან.

ეს პუნქტი არ ვრცელდება იმ შენობა-ნაგებობაზე, რომელიც ექცევა ამ დადგენილების დანართით გათვალისწინებულ იმ გეოგრაფიულ არეალებში (სოფლები, დასახლებები და ა. შ.), რომელთაც მინიჭებული აქვთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, ასევე საქართველოში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის (მათ შორის, მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ძეგლის) ტერიტორიასა და მისი დამცავი ზონის ფარგლებში”, - წერია დადგენილებაში.

ამასთან, დადგენილების მიხედვით, იმ გეოგრაფიულ არეალებში, რომელთაც მინიჭებული აქვთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი კანონიერად მიიჩნევა სამშენებლო დოკუმენტაციის ან შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიარების (ექსპლუატაციაში მიღების) დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე.

გარდა ამისა, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა), ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე 2023 წლის 1 დეკემბრამდე უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის კანონიერად მიჩნევისთვის, საჭიროა აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს მიერ გაცემული, ობიექტის მზიდი კონსტრუქციების მდგრადობისა და სეისმომედეგობის დამადასტურებელი საექსპერტო დასკვნა. ამგვარი დასკვნა I კლასის შენობა-ნაგებობებთან მიმართებით არ მოითხოვება.

დადგენილება ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე და ის ვრცელდება 2024 წლის 26 მარტიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

წყარო


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა