აშშ-ის მხრიდან საქართველოს „დასჯა“ ვერ მოხერხდება, ევროპელებისგან ყველაფერია მოსალოდნელი, თუმცა მათ არაფერი შეუძლიათ - დემურ გიორხელიძე
დასავლეთი 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგების აღიარებას არ ჩქარობს და სანამ ოპოზიცია ქუჩის აქციებს აანონსებს, უერთდება საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებებს არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევების გამოძიებაზე. 26 ოქტომბრის შემდეგ დასავლელი პოლიტიკოსების მხრიდან უფრო ხშირად და ხმამაღლა ისმის მოწოდებები ქვეყნისთვის სანქციების დაწესებაზე. რამდენიმე დღეა, ემიგრანტების ჯგუფებში საპარლამენტო არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ემიგრანტების მოწოდებები ვრცელდება - არ გავაგზავნოთ საქართველოში ფული და ვნახოთ როგორ ჩამოიქცევა ქართული ეკონომიკაო. ელოდება თუ არა ქვეყანას მძიმე სანქციები, იზოლაცია, ემიგრანტების პროტესტი და ეკონომიკური კრიზისი? - ამ კითხვით TIA.GE-მ ეკონომიკის ექსპერტ დემურ გიორხელიძეს მიმართა.
- დავიწყოთ იმით, რომ საქართველო კოლექტიურ დასავლეთზე ეკონომიკურად დამოკიდებული არაა და დასავლეთის არც ერთი ქვეყანა ჩვენი პრიორიტეტული სავაჭრო ეკონომიკური პარტნიორი არ გახლავთ. რატომ არ არის ევროკავშირი ჩვენი მთავარი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორი ეს უკვე სხვა საკითხია და სხვანაირ პასუხს მოითხოვს, თუმცა ასე რომ იქნებოდა, თავისთავად ცხადი იყო. ის, რითიც დასავლეთზე დამოკიდებული ვართ, ასიათასობით ქართველი ემიგრანტია, რომელიც დასავლეთის ქვეყნებში მძიმე შრომას ეწევა და ოჯახებში ფულს აგზავნის. თუ ემიგრანტები ფულის გზავნას შეწყვეტენ, თავიანთ ოჯახებს დააზიანებენ და არა ქართულ ეკონომიკას. მოხმარების თვალსაზრისით, რა თქმა უნდა ჩვენი ემოგრანტების მიერ გამოგზავნილი ფული მნიშვნელოვანია, რადგან მათი ოჯახების მეშვეობით ქვეყანაში საკმაოდ კარგი მოხმარების დონეა, მაგრამ თუ ეს ფული ქვეყანაში არ შემოვა, კატასტროფა არ მოხდება, რადგან ამას სხვა საშუალებები იოლად გადაფარავს. რაც შეეხება საქართველოს პოლიტიკურ სასჯელს, გეოპოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, აშშ-ის მხრიდან საქართველოს „დასჯა“ ვერ მოხერხდება, ევროპელებისგან ყველაფერია მოსალოდნელი, თუმცა მათ არაფერი შეუძლიათ.
- რამდენად გაუძლებს დასავლურ სანქციებს ქართული ეკონომიკა?
- სანქციები არ იქნება საქართველოზე დადებული უბრალო მიზეზის გამო - შეერთებულ შტატებს თავისი გეოპოლიტიკური მიზნები აიძულებს უფრო გონივრულად მოიქცეს და ისეთი რამ არ გააკეთოს, რაც შედეგს არ მოუტანს. სანქციების საკითხს გეოპოლიტიკა და მიზნები წყვეტს. ასე, რომ ამერიკელებმა ისედაც გარკვეული უზუსტობები დაუშვეს, როცა ქართული თავისებურებები და ჩვენი ხალხის მენტალიტეტი არ გაითვალისწინეს. მათი სანქციები საქართველოს ვერ დააზარალებს უბრალო მიზეზის გამო - მსოფლიოს 2/3 საქართველოს სანქციებს არ დაუწესებს. ახალ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, როდესაც უზარმაზარი, ტექტონიკური ხასიათის ცვლილებები ხდება, უამრავი ქვეყანაა დაინტერესებული მსოფლიო პოლიტიკის ერთ-ერთი ეპიცენტრით, რომელსაც სამხრეთ კავკასია წარმოადგენს. ამიტომ დასავლეთი ასეთ შეცდომას რა თქმა უნდა, არ დაუშვებს. როცა დასავლეთზე ვლაპარაკობ, პირველ რიგში, შეერთებულ შტატებს ვგულისხმობ,რადგან ის დასავლეთის ლიდერია. რაც შეეხება ევროკავშირს, ის პოლიტკური არარაობაა და მხოლოდ მხოლოდ შეერთებული შტატების ფარვატერში მოძრაობს.
- იქნებ დაგვიკონკრეტოთ რა იგულისხმეთ, როდესაც აშშ-ის შეცდომა ახსენეთ, რომელმაც ქართული თავისებურებები და მენტალიტეტი არ გაითვალისწინა?
- ჩვენ ტრადიციული, ქრისტიანული კულტურა ვართ. დასავლური ცივილიზაციაც ძირითადად, ქრისტიანული კულტურაა, ამიტომ ჩვენ ფასეულობათა ერთნაირი სისტემა გვაქვს. ბოლო 30 წლის განმავლობაში დასავლეთმა დამფუძნებელი მამების გზას გადაუხვია და გაჩნდა ის ნეოლიბერალიზმში გახვეული უკიდურესი ნეოტროცკიზმი, როგორიცაა ლგბტ პროპაგანდა, ვოუკიზმი და ა.შ. რაც სრულიად არადამახასიათებელია კლასიკური დასავლური კულტურისთვის. პოლიტიკური გლობალისტური ელიტების მეშვეობით ეს ყველაფერი საქართველოში გადმოიტანეს ისე, რომ კარგად ვერ წარმოიდგინეს, რომ ეს კულტურა ამას არასოდეს მიიღებდა. ამერიკელების მეორე უდიდესი შეცდომა ისაა, რომ კარგად არ იცოდნენ ქართული კულტურა, მენტალობა, ისტორია და მილიარდ დოლარზე მეტი ე.წ. არასამთავრობოების და „ცისარტყელა პარტიების“ შექმნაში ჩადეს. ვერ გაითვალისწინეს, რომ ამ ხალხის მეშვეობით ქართველების მართვა შეუძლებელი იყო. 30 წლის წინ ფაქტობრივად, მთელი საქართველო დასავლეთისკენ მიისწრაფოდა და სწორად მიისწრაფოდა, იმიტომ, რომ 200 წელი სხვა სამყაროში ვიყავით და უკეთესი, უკეთ აწყობილი სამყარო გამოჩნდა. ქართველების შეცდომა ის იყო, რომ არ იფიქრეს რა სჭირდებოდა საკუთარ ქვეყანაში ისეთი სახელმწიფოების აშენებას, როგორიც დასავლეთში აშენდა. ქართველის დაშინება კონტრპროდუქტიულია, ქართველი უნდა შეასახელო. ეს რომ ამერიკელებს სცოდნოდათ, ქართულ კულტურას და წარსულს განსაკუთრებულ პატივისცემით მოექცეოდნენ, საქართველოს ღირსეულ მოქალაქეებს მისცემდნენ საშუალებას, რომ 90-იანი წლების უბედურებების შემდეგ ქვეყანა ფეხზე დაეყენებინათ. განვითარებული და წარმატებული საქართველო და ქართველი ამერიკელების უერთგულესი სტრატეგიული მოკავშირე იქნებოდა. როდესაც 2000 წელს, ვაშინგტონში, ამერიკის უშიშრების საბჭოში ვთქვი, რომ გვინდა ჩვენი სტრატეგიული პარტიორები იყოთ თქო, უზარმაზარი თანამდებობის პირმა მადლობა გადამიხადა - გმადლობთ, რომ ასე ფიქრობთო, მაგრამ ეს ხაზი არ გაგრძელდა და ამაში დამნაშავეები არა ქართველები, არამედ ამერიკელები არიან.
საქართველოს წარმატების ერთადერთი მოდელი ქართულ კულტურზე მორგებული დასავლური ტიპის სახელმწიფოა და არა ის გაუნათლებელი საუბარი, რომ დასავლური ფასეულობები უნდა შემოვიტანოთო. ჯერ ერთი, დემოკრატიას ფასეულობები არ გააჩნია, დემოკრატია არის პროცედურები ადამიანთა ერთი ჯგუფიდან როგორ გადსაცე ძალაუფლება მეორე ჯგუფს. ფასეულობებს რაც რაც შეეხება, ფასეულობები კატეგორიათა იმ სისტემას მიეკუთვნება, რომელიც კულტურისთვის არის დამახასიათებელი და ორ ქრისტიანულ კულტურას - ფანტასტიკურ დასავლურ კულტურას, რომელიც თავად დასავლეთში შეურაცხყვეს და საოცარ ქართულ კულტურას ერთნაირი ფასეულობები აქვთ. ფუნდამენტალური ხასიათის შეცდომები იქნა დაშვებული, რომლის შედეგებსაც ახლა ვიმკით.
- თქვენი აზრით, როგორ განვითარდება მოვლენები - საქართველო დასავლურ ორბიტაზე დარჩება თუ რუსულ ორბოტაზე გადავა?
- ასეთი რჩევანი არ არსებობს. ეს არჩევანი არის უდიდესი შეცდომა. ჩვენ თუ ქართული, დამოუკიდებელი სახელმწიფო გვინდა, ქართული დამოუკიდებელი სახელმწიფო იძულებულია იცხოვროს იმ გარემოში, რომელიც მისგან დამოუკიდებად ჩამოყალიბდა და თუ არ გვინდა, მაშინ დავემშვიდობებით ყველაფერს, მათ შორის ამ ქვეყანასაც. ისტორიულმა, სპეციფიკურმა პროცესებმა ასე განაპირობა, რომ ჩრილოეთით ჩვენი მეზობელი ქვეყანა რუსეთია, სამხრეთით თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, სპარსელები ანუ დღევანდელი ირანი ცოტა მოშორებით, მაგრამ კლასიკური მოთამაშეა. ჩვენ ვეძებთ მშვიდობიანი თანაარსებობის გზებს მეზობლებთან და ვისთანაც სიმპათიები გვაქვს, მასთან უფრო ახლოს და მჭიდროდ ვითანამშრომლებთ. საქართველო ვერანაირი ორბიტაზე ვერ გავა, გარდა ქართული ორბიტისა, რადგან ეს ორიენტაცია და გეოპოლიტიკაში დაშვებული შეცდომა ნებისმიერი მიმართულებით საქართველოს სახელმწიფოს დასასრული გახდება. საქართველოს არ გააჩნია იმის ფუფუნება, რომ დასავლეთის სრული მოკავშირე და რუსეთის მტერი იყოს და რუსეთის გასანადგურებლად იბრძოლოს ისევე, როგორც არ აქვს იმის ფუფუნება, რომ რუსეთის მეგობარი და დასავლეთის მტერი იყოს. ამ მიმართულებით გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი ქართული სახელმწიფოსთვის დასასრულია, ამიტომ პოლიტიკა სხვანაირად არის ასაგები. რა დროს იდეოლოგიურ შტამპებზე, დასავლურ ან რუსულ ორიენტაციაზეა ლაპარაკი, როდესაც სამხრეთ კავკასია მსოფლიო პოლიტიკის ეპიცენტრშია. ეს განსაზღვრავს და ეს აძლევს ქართველებს საშუალებას, რომ ყველა მიზანს წარმატებით მიაღწიოს, ოღონდ ამას პროფესიული პოლიტიკა და მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესების ღრმა ცოდნა სჭირდება, საქართველო კი ბოლო 700 წელი გეოპოლიტიკური ჩლუნგი და უმეცარია და დღეს რამაც 700 წლის წინ კისერი მოგვტეხა, ზუსტად იმას ვიმეორებთ. ეს იმას ნიშნავს, რომ 700 წელი ვერაფერი ვისწავლეთ და ეს ხალხის ბრალი არ არის.