თეგებით ძიება
25. 10. 2016 News-ები

ინფორმაცია, რომ მოკლული გიორგი შენგელია კრწანისის სამხედრო ბაზაზე ძმასთან ერთად იმყოფებოდა, სიცრუეა

ოჯახის ინფორმაციით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოკლული გიორგი შენგელია კრწანისის სამხედრო ბაზაზე ძმასთან ერთად იმყოფებოდა.

როგორც ჟურნალისტებს გიორგი შენგელიას ბიძაშვილმა, გიორგი მებონიამ განუცხადა, შესაბამისად, გაუგებარია რატომ გამოცხადდა ძებნა გარდაცვლილის ძმაზე.

“სამნი იყვნენ შესული მეგობრის სანახავად. გუშაგი ვალდებული არ იყო ესროლა, ჯერ სიტყვიერი გაფრთხილება უნდა მიეღო, შემდეგ ჰაერში უნდა განეხორციელებინა სროლა. ჩვენი ინფორმაციით, შიდა პერიმეტრში არ იმყოფებოდნენ, ისინი იყვნენ გარეთ, დანარჩენი ორი არ არიან ზუგდიდელები, ისინი თბილისელები არიან, თუმცა გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს გიგას ძმაც იქ იყო, არის ტყუილი. რატომ გამოცხადდა მასზე ძებნა, ეს ჩვენთვის გაუგებარია“, - განაცხადა გიორგი მებონიამ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრ ”კრწანისის” ტერიტორიაზე უცხო პირების შეჭრის მცდელობას ჰქონდა ადგილი. ისინი არ დაემორჩილნენ განწესში მყოფი გუშაგის სიტყვიერ გაფრთხილებას და თავს დაესხნენ მას, რის შემდეგაც გუშაგმა წესდებით გათვალისწინებული მოქმედებები განახორციელა და ცენტრის ტერიტორიაზე შეჭრის ფაქტი აღკვეთა. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცენტრის მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერებისას, ერთ-ერთი თავდამსხმელის ცხედარი აღმოაჩინეს. ის უკვე იდენტიფიცირებულია. გარდაცვლილი 1993 წელს დაბადებული, ზუგდიდელი გიორგი შენგელიაა. ეძებენ კიდევ ორ პირს, რომელმაც გაქცვა მოახერხა.

საქმეს მთავარი პროკურატურის ზედამხედველობით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს.

interpressnews.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა