ევროკომისიის ანგარიშით დასტურდება, რომ საქართველო ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია, საუბარი გაფართოების შეწყვეტაზე საფუძველს მოკლებულია - მაკა ბოჭორიშვილი
ევროკომისიის ანგარიშით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საქართველო სხვა კანდიდატ ქვეყნებთან ერთად არის ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის განუყოფელი ნაწილი და საქართველოსთან მიმართებით ევროკავშირის გაფართოების პროცესის შეწყვეტაზე საუბარი საფუძველს მოკლებულია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, შეფასების ანგარიში მოიცავს ევროკავშირის გაფართოების ფარგლებში კანდიდატი ქვეყნების, მათ შორის ბალკანეთის რეგიონის სახელმწიფოების, თურქეთის, ასევე საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის შეფასებას.
„ევროკომისია, ევროკავშირის წევრობის სხვა კანდიდატ ქვეყნებთან ერთად, უკვე მეორედ აფასებს ევროკავშირთან საქართველოს დაახლოების ხარისხს. წარმოდგენილი ანგარიშით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საქართველო სხვა კანდიდატ ქვეყნებთან ერთად არის ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის განუყოფელი ნაწილი და საქართველოსთან მიმართებით ევროკავშირის გაფართოების პროცესის შეწყვეტაზე საუბარი საფუძველს მოკლებულია.
საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი 2020 წლის მარტში, საქართველოს კონსტიტუციის, ქართველი ხალხის ნებისა და ასოცირების შეთანხმების წარმატებული შესრულების გათვალისწინებით გააკეთა. გასული წლის დეკემბერში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება დაეფუძნა სწორედ იმ პროგრესის შეფასებას და ანალიზს, რაც ევროკომისიამ გააკეთა საქართველოსთან მიმართებით და რომელიც ცხადყოფდა საქართველოს წინსვლას როგორც დემოკრატიული განვითარების, ასევე ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის კუთხით.
დღეს გამოქვეყნებული ანგარიშით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების სტატუსით პირველად ფასდება საქართველოს საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოება ევროკავშირთან – სექტორული ინტეგრაციის ფარგლებში გატარებული რეფორმების ეფექტიანობა და ევროპული საბჭოს მიერ განსაზღვრული ცხრა პრიორიტეტის შესრულება. საგულისხმოა, რომ აღნიშნული ანგარიში საკმაოდ პოზიტიურად აფასებს საქართველოს საკანონმდებლო და ინსტიტუციური თავსებადობის ხარისხს ევროკავშირის მოთხოვნებთან. მოგეხსენებათ, ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების ხარისხი წარმოადგენს ევროკავშირში გაწევრიანების უმნიშვნელოვანეს საფუძველს, რომლის გარეშეც ევროკავშირში წევრობა შეუძლებელია და წარმოუდგენელი. ანგარიშში პოზიტიურადაა შეფასებული პროგრესი ისეთ სფეროებში, როგორიცაა განათლება, საჯარო ფინანსების მართვა, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, სტატისტიკა, სოციალური პოლიტიკა, დასაქმება და შრომითი უფლებების დაცვა, ასევე სამეწარმეო და ინდუსტრიული პოლიტიკა, მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდაჭერის პოლიტიკა“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
მისივე თქმით, აღსანიშნავია პოზიტიური შეფასება ისეთი მიმართულებით, როგორიცაა ღრმა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულება.
„მაგალითად, სურსათის უვნებლობა, საბაჟო კონტროლი, საჯარო შესყიდვები, საქონლის მომსახურებისა და კაპიტალის თავისუფალი გადაადგილება, კონკურენციის პოლიტიკა. ანგარიშში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ საქართველო თანამშრომლობდა ევროკავშირთან, რათა საქართველოს ტერიტორიისა და საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირების გამოყენება არ მომხდარიყო ევროკავშირის მიერ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციებისგან თავის ასარიდებლად. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ სფეროებში ანგარიშში გვხვდება კრიტიკული შეფასებები, რაც უცხო არ არის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესისთვის, საერთო მზაობის დონის განმსაზღვრელ მაჩვენებლებში, საქართველოს უკუსვლა არ აქვს. პირიქით, იმ გამოწვევების მიუხედავად, რასთან გამკლავება უწევდა საქართველოს ხელისუფლებას მიმდინარე წლის განმავლობაში, ის წინსვლა, რაც ანგარიშში არის დაფიქსირებული, ნამდვილად მისასალმებელი და დასაფასებელია“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებას აქვს ამბიცია, 2028 წლისთვის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების 90%-ზე მეტი შესრულებული ჰქონდეს.
„ანგარიში შეფასებებთან ერთად მოიცავს რეკომენდაციებს 35-ვე სფეროში. ჩვენ ყურადღებით შევისწავლით თითოეულ რეკომენდაციას, გავაკეთებთ ღრმა ანალიზს და მაქსიმალურად გავითვალისწინებთ ევროკავშირთან ასოცირების სამოქმედო გეგმის შემდგომი შესრულების პროცესში. უკვე მიღწეული პროგრესისა და არსებული გამოცდილების გათვალისწინებით, საქართველოს ხელისუფლებას აქვს ამბიცია, 2028 წლისთვის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების 90%-ზე მეტი ჰქონდეს შესრულებული. ამით საქართველო ევროკავშირთან დაახლოების უმაღლეს ნიშნულს მიაღწევს და შეიქმნება მტკიცე საფუძველი, რათა 2030 წელს კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველაზე მეტად მზად საქართველო იყოს ევროკავშირში წევრობისთვის“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.