დევნილთა და განსახლების სამინისტრო დევნილებს მოუწოდებს....
დევნილთა და განსახლების სამინისტრო დევნილებს მოუწოდებს, ბინის მიღებასთან დაკავშირებით თაღლითურ შეთავაზებებს არ დაუჯერონ, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა.
რეხვიაშვილი გამოეხმაურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე ერთი პირის დაკავებას.
”სამინისტრო კიდევ ერთხელ მიმართავს დევნილებს - არ დაუჯერონ მსგავს თაღლითურ შეთავაზებებს. ბინების განაწილდება ხდება კრიტერიუმების შესაბამისად, კომისიურად, ღიად და გამჭვირვალედ. ყოველი ასეთი ფაქტი გამოაშკარავებული იქნება. 2016 წლის ბოლომდე, თბილისში ახალაშენებულ კორპუსებში ბინას 400 დევნილი ოჯახი მიიღებს, აქედან, 200 ოჯახი ეგრეთ წოდებულ „ოლიმპიურ სოფელში“, 200 კი მენაშენეებისგან გამოსყიდულ კორპუსში დადიანის ქუჩაზე. დევნილთა საკითხების შემსწავლელი გაფართოებული კომისია, რომელმაც 11 016 განაცხადიდან უნდა გამოავლინოს ის 400 დევნილი ოჯახი, რომლებსაც, კრიტერიუმების შესაბამისად, თბილისში ბინები გადაეცემათ მუშაობას 7 ნოემბრიდან იწყებს. კომისიის მუშაობის პროცესი 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება, რის შემდეგაც დევნილი ოჯახების დაზუსტებული სია საჯარო გახდება და სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება.
სამინისტრო მოუწოდებს დევნილებს, რომ მსგავსი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში მიმართონ სამართალდამცავ სტრუქტურებს, ან სამინისტროს ანონიმურობა დაცული იქნება”, - განაცხადა რეხვიაშვილმა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ 2016 წლის ოქტომბრის თვეში, ლაშა შ-მ აფხაზეთიდან დევნილ საქართველოს მოქალაქეს დაჰპირდა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების დახმარებით ქ. თბილისის ტერიტორიაზე მიიღებდა საცხოვრებელ ბინას, რის სანაცვლოდაც მოსთხოვა 6000 აშშ დოლარი. მიმდინარე წლის 2 ნოემბერს ლაშა შ-მ აღნიშნულ პირს მოტყუებით, თაღლითურად გამოართვა მოთხოვნილი თანხის ნაწილი - 3000 აშშ დოლარი, რა დროსაც იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს.
interpressnews.ge