თეგებით ძიება
http://www.facebook.com/video/embed?video_id=1277350378996566
03. 11. 2016 News-ები

კვირიკაშვილის პირველი კომენტარი კობახიძის პარლამენტის სპიკერად შესაძლო დანიშვნაზე

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ადასტურებს, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება, ეს განცხადება საქართველოს მთავრობის მეთაურმა, დღეს რუსთავი 2-ის ჟურნალისტთან საუბრისას გააკეთა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საკადრო საკითხებზე, თუ ვინ რა თანამდებობას დაიკავებს საქართველოს პარლამენტსა და მთავრობაში, გადაწყვეტილება პარტია ქართული ოცნების პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე იქნება მიღებული. როდის გაიმართება პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა ჯერ უცნობია. დღეს გავრცელებული ინფორმაციით, სხდომა კვირას, 6 ნოემბერს ჩაინიშნა, თუმცა ქართული ოცნების პრესსამსახურში რუსთავი 2-ს განუცხადეს, რომ შეხვედრა ჯერ ოფიციალურად ჩანიშნული არ არის.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის თანახმად,საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს პარლამენტი პირველსავე სესიაზე ფარული კენჭისყრით, ირჩევს. პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ უმრავლესობას, უმცირესობას, ფრაქციას, რომელიც არ არის გაერთიანებული უმრავლესობაში ან უმცირესობაში, ასევე პარლამენტის წევრთა ექვსკაციან ჯგუფს.

პარლამენტის თავმჯდომარე წარმოადგენს პარლამენტს ქვეყნის საშინაო და საგარეო ურთიერთობებში; პარლამენტის სასახლეში ახორციელებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს; უძღვება პარლამენტის მუშაობას, საერთო ხელმძღვანელობას უწევს პარლამენტის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა საქმიანობას.

ახლადარჩეული პარლამენტის თავმჯდომარე, პარლამენტს ასარჩევად წარუდგენს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის კანდიდატურას, ამ პოსტს დღემდე ქართული ოცნების ერთერთი ლიდერი, მანანა კობახიძე იკავებდა.

rustavi2.com


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა