NATO-ს გენმდივნის მიმართვა ტრამპს
იენს სტოლტემბერგი დონალდ ტრამპს ევროპისა და შეერთებული შტატების ძლიერი პარტნიორობის აუცილებლობაზე მიუთითებს. ნატო-ს გენერალური მდივანი არჩეულ პრეზიდენტს ღია წერილით მიმართავს და უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე მიანიშნებს.
სტოლტენბერგი აცხადებს, რომ შემტევი რუსეთის, ტერორიზმის, ჩრდილო აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში არსებული კონფლიქტების ფონზე ამ პარტნიორობის ეჭვქვეშ დაყენების დრო არ არის. ნატო-ს ხელმძღვანელმა დონალდ ტრამპს მიანიშნა, რომ 67 წლიანმა პარტნიორობამ დაამარცხა საბჭოთა კავშირი და ცივი ომი დაასრულა, ასევე 11 სექტემბრის ტერაქტები შეახსენა და მიუთითა, რომ შეერთებულ შტატებზე თავდასხმა ნატო-მ ყველა წევრ ქვეყანაზე თავდასხმად შეაფასა და ავღანეთის ოპერაციაში ჩაერთო.
სტოლტენბერგი წერს, რომ ალიანსის ლიდერები ყოველთვის აცნობიერებდნენ, რომ ძლიერი და უსაფრთხო ევროპა ნიშნავს ძლიერ და უსაფრთხო ამერიკას.
მისი თქმით, დღევანდელ დროს მარტო დარჩენა არ არის გამოსავალი და გლობალურ უსაფრთხოებას ძლიერი ამერიკა და ერთიანი ევროპა სჭირდება.
rustavi2.com