მთლიანობაში კახეთში 52 ახალი საწარმოა გახსნილი - გიორგი კვირიკაშვილი
მთლიანობაში კახეთში 52 ახალი საწარმოა გახსნილი, 303 საწარმო გადაიარაღდა და 17 მილიონ დოლარზე მეტი არის სახელმწიფოს მხრიდან მეწარმეობის განვითარებაზე გამოყოფილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კახეთში, სოფელ ბაკურციხეში, დავით სარაჯიშვილის რესტავრირებული სახლ-მუზეუმის დაათვალიერების და ახლად აშენებული სასტუმრო კომპლექსის გახსნის ცერემონიის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, კახეთში ტურიზმის მიმართულებით დიდი აქტივობაა.
”ძალიან მნიშვნელოვანი სახლ-მუზეუმი, კულტურული მემკვიდრეობის კერა, ასევე ტურიზმისთვის ძალიან მიმზიდველი ადგილი დაემატა საქართველოს - ეს არის ალექსანდრე სარაჯიშვილის სახლ-მუზეუმი. აქ დაიწყო ქართული კონიაკის წარმოება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი და მისასალმებელია, რომ კომპანია ”ბლექსი გრუპმა” მთლიანად აღადგინა ძეგლთა დაცვის სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ პირვანდელი სახით. აქ იგეგმება ასევე მცირე სასტუმროების დამატება. დასრულებულია უკვე ერთი სასტუმრო და 5 ჰექტარზე იგეგმება ვენახების გაშენება და იქნება ერთი ძალიან მიმზიდველი ადგილი კახეთში. კახეთში ტურიზმის მიმართულებით დიდი აქტივობაა, ეს კი ნიშნავს იმას, რომ აქ დასახლებული ადამიანებისთვის არის ახალი სამუშაო ადგილები.
დღეს მოვინახულეთ სრულიად ახალი საწარმო, რომელიც არის ”სარაჯიშვილი დისტილერი”. ეს არის თანამედროვე ტექნოლოგიით მოწყობილი საკონიაკე სპირტის სახდელი ახალი საწარმო, რომელიც ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში შეიქმნა. რამდენიმე მილიონის ინვესტირება განხორციელდა, მათ შორის სახელმწიფოს მხრიდან არის 600 ათასი დოლარის ოდენობით შეღავათიანი აგროკრედიტი გამოყოფილი.
მთლიანობაში კახეთში 52 ახალი საწარმოა გახსნილი, 303 საწარმო გადაიარაღდა და 17 მილიონ დოლარზე მეტი არის სახელმწიფოს მხრიდან მეწარმეობის განვითარებაზე აგროპროექტის ფარგლებში გამოყოფილი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ბიძგი იყო კახეთში და არა მხოლოდ კახეთში აგროსაწარმოების განვითარების კუთხით”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ერთი მხრივ არის საწარმოო პოტენციალი, ხოლო მეორე მხრივ კულტურული მემკვიდრეობის კერების აღდგენა, მთლიანობაში ქვეყანაში სამუშაო ადგილების შექმნას და ტურისტული ოტენციალის გაზრდას უწყობს ხელს.
interpressnews.ge