თავიდან დავიბადეთ - გიორგი ლომინაძის პირველი ინტერვიუ საზარელი ავარიის შემდეგ
მორაგბე გიორგი ლომინაძე სამტრედია-ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარი საზარელი ავარიის შემდეგ Ambebi.ge-ს ესაუბრა.
სამტრედია-ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარი საზარელი ავარიის დროს დაშავებული მორაგბის გიორგი ლომინაძისა და მისი მეუღლის, ნუცა გუნცაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.
წყვილი ამჟამად რეაბილიტაციის კურსს გადის. გიორგი ორი დღის წინ საქართველო-იაპონიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრებების შეხვედრასაც დაესწრო.
- ჩემი და ნუცას რეაბილიტაცია წარმატებით მიმდინარეობს. მე დღეს მივდივარ თურქეთში, ფეხების მდგომარეობა უნდა შევამოწმოთ, გავიგოთ, შემიძლია თუ არა ადგომა. წინასწარ არ ვიცი, რამდენი ხანი დავრჩები იქ. ნუცა თბილისში აქტიურ რეაბილიტაციას გადის. თუ საჭირო გახდა,
მერე ალბათ საფრანგეთში ან გერმანიაში წავალთ.
- გახსოვთ ავარიის დეტალები?
- ძალიან ისეთი დეტალები მახსოვს, რომლებსაც მაშინ მოვყვები, როცა ყველაფერი კარგად იქნება. ფაქტობრივად, თავიდან დავიბადეთ. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველა ადამიანს დიდი მადლობა გადავუხადო გვერდში დგომისთვის. დღემდე აქტიურობენ და "ფეისბუქზე" უამრავ თბილ სიტყვას გვწერენ. არ ველოდი ასეთ მხარდაჭერას. როცა ჩემმა ძმამ და მეგობრებმა მითხრეს, როგორ აქტიურობდა ხალხი ჩვენ დასახმარებლად, შოკში ვიყავი. ჩემმა მეგობრებმა და ხალხმა შეუძლებელი შეძლო, რისთვისაც თქვენც დიდ მადლობას გიხდით.
- მეკო კვირიკაშვილთან გაქვთ ურთიერთობა?
- რა თქმა უნდა. მეგობრობის გარდა, მე და მეკო ოჯახის წევრები და ძმები ვართ.
- გენატრებათ რაგბის თამაში?
- მენატრება რაგბის თამაში. დიდი ემოცია იყო, საქართველო-იაპონიის მატჩს რომ დავესწარი. იმედია, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა მომცემს იმის საშუალებას, რომ ისევ ვითამაშო რაგბი.
ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი
წყარო: Ambebi.ge