ვერ გავცდი მიწას. დედამიწის ერთადერთ სამოსს.
ვერ გავცდი მიწას. დედამიწის ერთადერთ სამოსს.
მე გათენება წართმეული იადონი ვარ
იმედით, ერთ დღეს რომ გავანგრევ გალიის კარს და
შენი თითებით ნაიარევ გულს მოვიხატავ...
რად მინდა ღამე ? მარტოობის თავშესაფარი...
გისოსებიდან მთვარე კიდევ მეტად შორია.
სულ მახსენდება კონიაკით გალეშილები
როგორ ვცდილობდით სინამდვილე არ შეგვემჩნია.
ჰგავდა პეპელას ერთად ყოფნის ყოველი წუთი
დასაწყისშივე რომ იცი რომ მალე სრულდება.
ვეღარ გეხები, ვერ გიყურებ, არადა გეძებ
ისე რომ თვალი ტყვიის წინაც არ მეხუჭება.
სადა ხარ ? ლურჯად გამინათე შავი კედლები.
მითხარი, რომ ხვალ ყინვის ნაცვლად დარი იქნება.
კიდევ მასუნთქე მაგ ყელიდან სიცოცხლის სუნი,
ცხადად მიქციე ქრონიკული ეს მოლანდება.
ნუ გამაყოლებ დროს, რომელიც წააგავს არაგვს.
არ დაემსგავსო ღმერთს, რომელსაც ვერასდროს ვხედავთ.
მე გათენება წართმეული იადონი ვარ
მხოლოდ შენ შეძლებ ამ გალიის კარის გაღებას.
წყარო: poezia.in