თეგებით ძიება
17. 11. 2016 News-ები

"ბორჯღალოსნებმა" შევარდენის სანაკრებო ბაზაზე ღია ვარჯიში გამართეს

19 ნოემბერს, მიხეილ მესხზე სამოასთან გასამართი მატჩის წინ, დღეს "ბორჯღალოსნებმა" შევარდენის სანაკრებო ბაზაზე ღია ვარჯიში გამართეს.

ღია ვარჯიშის პირველი ნაწილი ხელოვნურსაფარიან მოედანზე გაიმართა და თითქმის ერთი საათი გაგრძელდა. ვარჯიში ინტენსიური იყო და ყველა მოთამაშე, მათ შორის ისინიც, რომლებიც სამატჩო განაცხადში არ არიან, სრულად დაიხარჯნენ. მერე იყო შეხვედრა გულშემატკივრებთან და ვარჯიში ძალოსნობის დარბაზში.

ჯაბა ბრეგაძე: "იაპონიასთან მატჩის შემდეგ ჩვენს თამაშში განსაკუთრებულ სახეცვლილებებს არ უნდა ველოდოთ. ეს დღეები უმთავრესად შეცდომების გამოსწორებაზე ვზრუნავდით, დაიხვეწა მცირედი დეტალები. მნიშვნელოვანია, რომ ამ რაოდენობის შეცდომები აღარ დავუშვათ და მეტოქეს
ამდენი საჩუქარი აღარ გავუკეთოთ. სამოას ნაკრებს ზაფხულში ფრედ ვეთამაშეთ, თუმცა მაშინ მათ ძალიან ბევრი მორაგბე აკლდათ და ახლა სულ სხვა გუნდით გვეწვივნენ. მიმაჩნია, რომ სამოა იაპონიაზე ძლიერი და სწრაფი გუნდია და რთული თამაშის მოლოდინში ვარ".

ალექსანდრე თოდუა: "ამ ეტაპზე ტრავმა აღარ მაწუხებს და სათამაშოდ მზად ვარ. იაპონიასთან მარცხი მძიმედ, მაგრამ გადავლახეთ. თამაში გავარჩიეთ და აღმოვაჩინეთ ის შეცდომები, რის გამოც მოსაგები მატჩი დავთმეთ. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ სამოასთან შეცდომები მინიმუმამდე დავიყვანოთ და სასურველი შედეგი დავაფიქსიროთ. ჩვენს გუნდს პირველი თამაშის ჩატარება ყოველთვის უჭირს და ვფიქრობ, შეცდომების სიმრავლეც ამან განაპირობა. გარდა ამისა, გაუთვალისწინებელი ტრავმებიც იყო და გავლენა ამანაც იქონია".

ბადრი ალხაზაშვილი: "მაქსიმალურად მოტივირებული ვარ. ნაკრებში დებიუტი გასულ შაბათს უნდა მქონოდა, თუმცა მოედანზე გასვლა არ მომიწია და იმედია, ამჯერად სხვაგვარად იქნება. თუ მომეცემა შანსი, მაქსიმუმს გავიღებ, რათა წარმატებული დებიუტი მქონდეს. წლების განმავლობაში ახალგაზრდულ ნაკრებებში ვთამაშობდი, თუმცა ეროვნულ გუნდი სულ სხვა დონეა. ბევრად მეტია ინტენსივობა და ხარისხიც მაღალია. უმაღლესი დონის მორაგბეებთან ერთად ვვარჯიშობ, რაც ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.

საქართველოსა და სამოას დაპირისპირება 19 ნოემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 15:00 საათზე დაიწყება.

წყარო: rugby.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა