"ბორჯღალოსნებმა" გერმანიის ნაკრები გაანადგურეს
19 თებერვალს რუსთავის სარაგბო სტადიონზე "ბორჯღალოსნებმა" "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" ფარგლებში გერმანიის ნაკრები ანგარიშით 50:6 დაამარცხეს.
"ბორჯღალოსნებმა" პირველი ტაიმი ანგარიშით 21:6 მოიგეს.
ქართველმა მორაგბეებმა დაწინაურება მალევე მე-3 წუთზე ლამაზი კომბინაციით გიორგი კოშაძის ლელოთი შეძლეს. მერაბ კვირიკაშვილმა უპრობლემოდ გარდასახა - 7:0.
მე-8 წუთზე სტუმრებმა ჯარიმა ზუსტად შეასრულეს და სხვაობა შეამცირეს - 7:3.
მე-17 წუთზე ამჯერად უკვე ლელო გიორგი ფრუიძემ მიითვალა. კვირიკაშვილმა საკმაოდ მახვილი კუთხიდან გარდასახა და ანგარიში 14:3 გახდა.
28-ე წუთზე გერმანელებმა ჯარიმა ზუსტად შეასრულეს - 14:6. უკვე 29-ე წუთზე კი კოშაძემ ერთ მომენტში გერმანელი მეტოქე მოძრაობით
დააბნია და მეორე ლელო მიითვალა, რასაც კვირიკაშვილმა ზუსტი გარდასახვა მიაყოლა - 21:6.
47-ე წუთზე გიორგი თხილაიშვილმა გამოიყენა თავისი შანსი და ლელო მიითვალა. 56-ე წუთზე კი ლელო ბექა გორგაძემ დადო. 64-ე წუთზე კი გორგაძემ მეორე ლელოც ჩაიწერა ანგარიშზე.
სამწუხაროდ კვირიკაშვილის სამივე გარდასახვა არ აღმოჩნდა ზუსტი. პირველის შემთხვევაში ბურთი მარჯვენა ძელს მოხვდა.
68-ე წუთზე კი თხილაიშვილმა უკვე მეორე ლელო გაიფორმა, კვირკაშვილმა კი გარდასახვა ამჯერად ზუსტად შეასრულა და ანგარიში 43:6 გახადა.
ბოლო წუთზე კი ლელოს დადება საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ შეძლო, რასაც ასევე ზუსტი გარდასახვა მოჰყვა და საბოლოოდ "ბორჯღალოსნებმა" ანგარიშით 50:6 გაიმარჯვეს.
ამ გამარჯვებით ჩვენმა ნაკრებმა ბონუს ქულა აიღო და სატურნირო ცხრილში 10 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" მორიგ მატჩს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები სტუმრად ესპანეთთან 4 მარტს ჩაატარებს.
წყარო: sportall.ge