თეგებით ძიება
12. 04. 2017 News-ები

გოგა გოგილაშვილი: „მაოცებენ ისინი, რომლებიც ანგარების გამო ადამიანობას კარგავენ...“

გოგა გოგილაშვილი, 33 წლის, დიაგნოზი - მეორე ტიპის სპინალური კუნთოვანი ატროფია. ამერიკაში 15 წლის წინ ჩავიდა. როგორც თავად ამბობს, თავდაპირველად ვებგვერდის შექმნა სასწავლო მიზნით დაიწყო, შემდეგ სურვილი გაუჩნდა, რომ რაღაც საინტერესო ემიგრანტებისთვისაც შეექმნა და გვერდისთვის გასართობი და ამავდროულად საინფორმაციო სახე მიეცა. დროთა განმავლობაში საკუთარი საქმიანობა კიდევ უფრო მეტად გააფართოვა და ძველი სახელით ცნობილ gogaggg-ის, დღეს უკვე TIA.ge-ის სახელწოდებით ვიცნობთ.

-როგორი ბავშვი იყავი, რაზე ოცნებობდი ხშირად?
-ვიყავი ძალიან აქტიური, ჭკვიანი, მიყვარდა ბევრი ლაპარაკი, სულ ვცდილობდი რაღაცით გამორჩეული ვყოფილიყავი და ასეც იყო... ვოცნებობდი მშვიდობაზე, რადგან ომის პერიოდში ვიზრდებოდი და კარგად მახსოვს პურის რიგები, უშუქობა, ტყვიების ზუზუნი, მკვლელობები, ხალხის გატაცებები, ყაჩაღობები და ა.შ. სკოლაში პირველი ოთხი კლასის განმავლობაში დედას დავყავდი ხელით, შემდეგ ექსტერნი ავიღე და საატესტატო გამოცდები ჩავაბარე. ერთი სიტყვით, ბეჯითი მოსწავლე ვიყავი, ყველას ვუყვარდი და არასოდეს მაგრძნობინებდნენ, რომ ფიზიკურად შეზღუდული შესაძლებლობის ვიყავი, მაგრამ როდესაც დედას ძალიან გაუჭირდა ჩემი ტარება და პირველად ეტლზე დავჯექი, მტკივნეულად მახსენდება როგორ მიიღო საზოგადოებამ... მაშინ 12 წლის ვიყავი და იშვიათად შეხვდებოდით ეტლით მოსიარულეს ქალაქში, ძირითადად მათხოვრებს თუ ნახავდით, რომლებსაც მეტი გზა არ ჰქონდათ, სახლებიდან გამოდიოდნენ და სხვებს სთხოვდნენ დახმარებას. ხალხს ნაკლებად რომ შევემჩნიე, ქალაქში საღამოობით გავდიოდი, მახსოვს ვინც მხედავდა, ჩემსკენ თითს იშვერდნენ, ზოგი ფულს მთავაზობდა და უარს რომ ვეუბნებოდი, უკვირდათ. შემდეგ ტელევიზიით გამიცნეს და ნელ-ნელა კომპლექსიც მომეხსნა. მაშინ, „რუსთავი 2“ ჩემს ქალაქში, რუსთავში ფუნქციონირებდა და საბავშვო გადაცემა „მანუნაში“ ხშირად მიწვევდნენ ხოლმე, სადაც საკუთარ ლექსებს ვკითხულობდი, ლექსებს ცხრა წლიდან ვწერ.

-ადამიანები, რომლებსაც მუდამ სჯეროდათ შენი შესაძლებლობების, გვერდში გედგნენ და გეხმარებოდნენ დასახული მიზნების განხორციელებაში
-ოჯახის წევრები ყველაფერს აკეთებდნენ ჩემთვის და დღემდე გვერდში მიდგანან, ნებისმიერ ჩემს გადაწყვეტილებას პატივს სცემენ და ყოველთვის მეხმარებიან. დედაჩემს არასოდეს უთქვამს, რომ რამე არ გამომივიდოდა, ჩემი ძმა ჩემთვის მაგალითია თუ როგორი უნდა იყოს კარგი დედმამიშვილი, ხოლო მამა ის პიროვნებაა, ვისგანაც გამოუვალი მდგომარეობიდან გამოსვლა ვისწავლე... მოკლედ რომ ვთქვა, ისინი მაბედნიერებენ.

-ყველაზე მეტად, რას ან ვის დაუწყვეტია შენთვის გული?
-ჩემთვის, ყველაზე მტკივნეული საყვარელი ადამიანების დაკარგვაა... წლების წინ, გული დამწყდა შეყვარებული რომ გამითხოვდა, ასევე ცუდად მახსენდება ბიძების სიკვდილი...

-ამერიკაში წასვლა როდის გადაწყვიტე?
-ამერიკაში მშობლებმა გადაწყვიტეს წამოსვლა და მეც რა თქმა უნდა მათთან მერჩივნა ყოფნა, თუმცა ჯერ 4 წლით მათ გარეშე, ბებიასთან მომიწია ცხოვრებამ და 2002 წელს ისევ გავერთიანდით.

-ამერიკაში ყოფნის დროს ვებგვერდი „gogaggg“ შექმენი, რატომ ასეთი უცნაური სახელწოდებით?
-მსურდა სხვა სახელი შემერჩია, მაგრამ რაც მინდოდა, დაკავებული იყო, ამიტომ გადავწყვიტე სამი g დამემატებინა, რაც ჩემი სახელის, გვარის და ქვეყნის პირველი ასოს ინიციალებთან ასოცირდებოდა, შემდეგ აღმოვაჩინე, რომ სახელი -„TIA.ge“ თავისუფალი იყო და მოგვიანებით შევცვალე.

-სირთულეები, რომლებიც ამერიკაში ცხოვრების დროს შეგხვდა...
-ჩემი ცხოვრების ყველაზე რთული პერიოდი სწორედ აქ გავიარე... მართალია ოჯახთან ერთად ვცხოვრობდი, მაგრამ სამი წელი გაურკვევლობაში ვიყავი... არ ვიცოდი ენა, ქუჩები, აქაური ცხოვრების სტილი, თითქოს სხვა პლანეტაზე აღმოვჩნდი, ყველაფერი ახლიდან მქონდა დასაწყები...

-გოგა გოგილაშვილის ერთი ჩვეულებრივი დღე
-ჩვეულებრივი დღე იწყება ყავით და ელექტრონული ფოსტის შემოწმებით, შემდეგ კი საქმეს შევუდგები ხოლმე და დღე ისე სწრაფად გადის, ვერც კი ვგრძნობ.

-როგორია შენი სამუშაო ოთახი და გარემო, სადაც მუშაობ?
-ჩემი ოთახი ნამდვილი კომფორტის ზონაა. იგი არის თეთრი, ნათელი, მყუდრო, სამი კომპიუტერით და ტელევიზორით.

-რა აძლიერებს და ასუსტებს გოგა გოგილაშვილს?
-მაძლერებს, როდესაც ჩემს გარშემო ყველა ბედნიერია, მასუსტებს და ძალიან მღლის ქაოსი.

-ხშირად წერ სტატუსებს სიყვარულზე, ვის უძღვნი მათ?
-ჩემი სასიყვარულო სტატუსები კონკრეტულად არავის ეძღვნება. ჩემთვის ქალი ხელოვნების შედევრია და ყოველთვის სხვადასხვა ფორმით გამოვხატავ მის მიმართ სიყვარულს, თუმცა აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ყველა ქალი ქალი არ არის! გოგა გოგილაშვილი ქალზეა შეყვარებული.

-როგორია შეყვარებული გოგა გოგილაშვილი?
-შეყვარებული გოგა ძალიან რომანტიკულია, თავდადებული, ლმობიერი, მეტად მობილიზებული და თუ სიყვარული ორმხრივია - ძალიან ბედნიერი.

-ცოტა ხნის წინ, TIA.ge-ის ერთ-ერთ ინტერვიუში ყველამ ვიხილეთ გოგონა, რომელიც შენზე უზომოდ იყო შეყვარებული და ამერიკაში შენთან შესახვედრად ემზადებოდა. მოგვიყევი ამ სიყვარულის ისტორია.
-მოკლედ ვიტყვი, რაც ყველამ ნახა, კარგად დადგმული სცენარი იყო და როგორც დაწერა, კარგადაც შეასრულა, „მოკლემეტრაჟიანი ურთიერთობა“ დასრულებულია...

-რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში?
-ჯანმრთელობა, სიყვარული და გამჭრიახი გონება.

-რა განიჭებს სიხარულს?
-მიზნის მიღწევა, საქართველოდან კარგი ამბები, ასევე სიხარულს მანიჭებენ ბავშვები...

-ერთ დღეს, სასწაული რომ მოხდეს და გაიარო, რას გააკეთებდი პირველად?
-ამაზე მეც ხშირად მიფიქრია - მსოფლიოს მოვივლიდი.

-რა სიახლეებს გეგმავ სამომავლოდ TIA.ge-სთვის?
-მინდა ტელევიზია გავაფართოვო და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ახალი თანამშრომლები დავიმატო. ჩემი გეგმის განხორციელება პრინციპში უკვე დაწყებულია, ახლახანს ერთი ჟურნალისტი დავიმატე ამერიკაში, რომელიც ისეთ სიუჟეტებს მოამზადებს, რასაც საქართველოს ტელევიზიებით ვერ ნახავთ. დაწყებულ საქმეს ნელ-ნელა სხვა კორესპონდენტებიც შეუერთდებიან.

-რას დაამატებდი ინტერვიუს?
-ვიტყვი იმას, რომ ამ ცხოვრებაში ყველა და ყველაფერი დროებითია...მაოცებენ ისინი, რომლებიც ანგარების გამო ადამიანობას კარგავენ, ერთმანეთს იყენებენ და ღალატობენ... ასეთმა ხალხმა ყველას მიმართ დამიკარგეს ნდობა და ეს ფაქტი ძალიან მაწუხებს...

ავტორი: ქეთი იმერლიშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა