ბაიდენს გერმანიის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო მიენიჭა
აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს გერმანიის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო, დიდი ჯვარი „გერმანიის წინაშე დამსახურებისთვის“ გადაეცა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
ბაიდენს, რომელიც ამჟამად გერმანიაში იმყოფება, ორდენი გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინაიერმა გადასცა. დაჯილდოების ცერემონია ბერლინში, პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართა.
თავის სიტყვაში გერმანიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აშშ-სთან მეგობრობა გერმანიისთვის „ეგზისტენციურად მნიშვნელოვანია“ როგორც ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, ასევე მისი დემოკრატიისთვის. ბაიდენის მიღწევებს შორის დასახელებულია ტრანსატლანტიკური ურთიერთობების აღდგენა დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის შემდეგ.
„როდესაც თქვენ პრეზიდენტი გახდით, პრაქტიკულად ერთ ღამეში დაუბრუნეთ ევროპას ტრანსატლანტიკური ალიანსის იმედი“, - განაცხადა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა.
თეთრი სახლის ინფორმაციით, შეხვედრაზე ბაიდენმა და შტაინაიერმა განიხილეს უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების და ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაციის საკითხები.