თეგებით ძიება
04. 12. 2019 News-ები

პროკურორი: ავტომანქანასთან დაკავშირებით გვარამიას განცხადებების მიზანია საზოგადოების შეცდომაში შეყვანა

„სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებული განცხადებები ე.წ. ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით იყო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის უსუსური მცდელობა და ამავე დროს მცდელობა იმისა, რომ მას მძიმე ბრალდებებიდან ყურადღება გადაეტანა სხვა გარემოებებზე, - ამის შესახებ საქმის პროკურორმა, ზვიად გუბელაძემ განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ ბრალდებულ ნიკა გვარამიას 1-ელ ნოემბერს ახალი ბრალი წარედგინა ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, რაც გულისხმობს იმას, რომ მან სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“-ის ეთერში სარეკლამო რგოლების განთავსების სანაცვლოდ საკუთრებაში მიიღო დაახლოებით 76 000 ევროდ ღირებული ავტომობილი და ამ სქემის შენიღბვის მიზნით ხსენებული ავტომობილი გააფორმა კომპანიის, შპს „პროესკო მედიას“ სახელზე.

„სწორედ აღნიშნული საქმის გამოძიების ფარგლებში, ჩვენი მხრიდან, იმის დასადგენად თუ რეალურად ვის ეკუთვნოდა ეს ავტომობილი და ვინ სარგებლობდა, ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება და მათ შორის, მოსამართლის განჩინების, მოსამართლის ნებართვის საფუძველზე ფარული საგამოძიებო მოქმედებები ხორციელდებოდა უშუალოდ ავტომობილზე“,- განაცხადა პროკურორმა.

ზვიად გუბელაძის თქმით, კონკრეტული საგამოძიებო მოქმედება კანონის სრული დაცვით მხოლოდ 2 დღის განმავლობაში ხორციელდებოდა იმ მიზნით, რომ დადგენილიყო, ვინ სარგებლობდა ავტომობილით.

„მას შემდეგ, რაც გამოძიებამ მიიღო მტკიცებულებები, რომ ნამდვილად ბრალდებულ ნიკა გვარამიას ოჯახის საკუთრებაში იყო ეს ავტომობილი და ისინი სარგებლობდნენ, მაშინვე შეწყდა ვიდეოგადაღება. საზოგადოების ყურადღება მინდა გავამახვილო რამდენიმე გარემოებაზე: პირველი ის რომ, სისხლის სამართლის საპროცესო მოთხოვნათა სრული დაცვით ხდებოდა ეს საგამოძიებო მოქმედება, საგამოძიებო მოქმედებების საფუძველი იყო სასამართლოს განჩინება, მხოლოდ 2 დღე ხდებოდა გადაღება და მიზანი იყო მხოლოდ ის, რომ ვის სარგებლობაში იყო ეს ავტომობილი ის დადგენილიყო და ეს ვიდეოჩანაწერი ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, როგორც მტკიცებულება. საქმის სასამართლოში წარმართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაცვის მხარეს , მათ შორის, ნიკა გვარამიას ადვოკატს დიმიტრი საძაგლიშვილს გადაეცა, როგორც სისხლის სამართლის საქმის მასალები, მათ შორის ეს ვიდეოჩანაწერი და იქვე განემარტა, რომ ამ ვიდეოჩანაწერს ბრალდების მხარე იყენებდა როგორც მტკიცებულებას ბრალდებულ ნიკა გვარამიას მიმართ“,- განაცხადა ზვიად გუბელაძემ.

ნიკა გვარამიამ 30 ნოემბერს განაცხადა, რომ სუსი მის ოჯახზე ფარულ მიყურადებას ახორციელებდა. უწყებამ გვარამიას ოჯახზე ფარულ მიყურადება უარყო.

მანამდე სუსთან გვარამიასთან სოლიდარობის ნიშნად საპროტესტო აქცია მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებმა გამართეს

ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ სხვა მტკიცებულებებთან დაკავშირებით გავრცელებული შეფასებები არის მხოლოდ სპეკულაცია და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ბრალდებიდან ყურადღების გადატანას სხვა, არა არსებით გარემოებებზე.

1-ელ ნოემბერს პროკურატურამ გვარამიას ახალი ბრალდება 76 700 ევროდ ღირებული ავტომობილის ეპიზოდზე წარუდგინა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით 10 აგვისტოს მიმართა. 11 აგვისტოს სასამართლომ ნიკა გვარამიას 40 000 ლარის გირაო შეუფარდა, რომელიც გვარამიამ 9 სექტემბერს გადაიხადა.

6 სექტემბერს ნიკა გვარამიას კიდევ ერთი ბრალი წარედგინა. ახალი ბრალის ერთ-ერთი ეპიზოდის თანახმად, გენერალური პროკურატურა „რუსთავი 2“-ის ყოფილ დირექტორს, ნიკა გვარამიას დიდი ოდენობით უძრავი ქონების უკანონოდ დაუფლებას ედავება.

წყარო:imedinews.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა