თეგებით ძიება
14. 01. 2020 News-ები

როგორ ვაზიაროთ ბავშვი მშვენიერებას

შესაძლოა, პატარა ბავშვს სულაც არ ეხალისებოდეს მუზეუმში, ფილარმონიასა თუ თეატრში წასვლა და ერთადერთი შვება მისთვის ამ დაწესებულების ბუფეტის სტუმრობა იყოს, მაგრამ ხელოვნებასთან ზიარებით მიღებული სიამოვნება მომავალში მისი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცეს. მოდი, გავარკვიოთ, როდის და როგორ ვაზიაროთ მშვენიერებას პატარა ბავშვი.



რატომ კლასიკა?
ჭეშმარიტი ხელოვნება ყოველთვის სასიამოვნო ემოციას აღძრავს, დადებითად მოქმედებს გუნება-განწყობაზე, გრძნობებზე. აღნიშნული ვექტორი, ავტორის პიროვნების, ბავშვის განვითარების ეტაპის, გონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეიძლება ნებისმიერ მხარეს მივმართოთ და ამისთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ხატავს, მღერის ან ცეკვავს თუ არა ბავშვი. ხელოვნების
ნაწარმოებს შეუძლია განწმინდოს ცნობიერება, გამოიწვიოს ნოსტალგია და ძალადობისკენაც კი გვიბიძგოს. დადასტურებულია ზემოქმედება ორგანიზმის ენერგეტიკულ ცენტრებზეც, რაც სხვადასხვა სიხშირის ვიბრაციით არის გამოწვეული. უხეშად თუ ვიტყვით, მდაბალ ცენტრებზე მოქმედი ხელოვნება უხეშ, მატერიალურ ემოციებს აღვიძებს, ხოლო ამაღლებული მუსიკის მოსმენით კეთილშობილური საქციელის სტიმულირებაა შესაძლებელი. ამიტომ სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ პატარაადრევე უნდა ვაზიაროთ მაღალ ხელოვნებას. ასე აღზრდილი ბავშვი, როცა გაიზრდება, გემოვნების “საწამლავს” თუკი მიიღებს კიდეც, ეცოდინება ნებადართული დოზა და მის ფარგლებს არასოდეს გასცდება. ყოველთვის ექნება შინაგანი ეტალონი, რომლითაც მიუდგება ლიტერატურას, ხელოვნებას, მუსიკას... და მაინც, რატომ კლასიკა? რატომ უნდა უსმინოს მოსაწყენ კლასიკურ მუსიკას თუნდაც მშობელმა? უნდა ვცდილობდეთ კი იმ მომენტის მოხელთებას, როცა შვილს “ჯოკონდათი” დავაინტერესებთ? ხომ არსებობს კომიქსები ათასგვარ თემაზე, მილიონობით საბავშვო სიმღერა, ფილმი, მულტფილმი... მართალია, ეს ყველაფერი არსებობს და პატარა ბავშვსაც ართობს, მაგრამ არის კიდევ უფრო მაღალი საფეხური, რომელზე ასვლაც ბავშვობისას უფრო ადვილია. ხელოვნების პოპულარული ნაწარმოებების აღსაქმელად სულაც არ არის საჭირო ისეთი სულიერი ძვრა, როგორიც კლასიკისთვის, მაგრამ (ან სწორედ ამიტომ) კლასიკური ხელოვნება საშუალებას გვაძლევს, ავმაღლდეთ საკუთარ თავზე, გავიფართოოთ ჰორიზონტი, დავისახოთ უფრო მაღალი მიზნები და ბოლოს და ბოლოს შევიგრძნოთ ყველაზე მაღალი ვიბრაციები. რასაკვირველია, ყველა ბავშვი მხიარულად იცეკვებს პოპულარული მუსიკის ჰანგზე და უფრო და უფრო ხშირად მოითხოვს მის ჩართვას, მაგრამ წარმოიდგინეთ ოჯახი, სადაც მხოლოდ ასეთი მუსიკა ჟღერს. სულაც რომ არ გვქონდეს ასეთი ჩანაწერი, პატარა მას მაინც გაიგონებს ქუჩაში, სავაჭრო ცენტრში, ტრანსპორტში, რაც საკმარისზე მეტიც კია. ამგვარი გასართობი მუსიკა პატარა ბავშვს შეიძლება ვარჯიშის დროს ჩავურთოთ, თანაც, მოგეხსენებათ, მრავლად მოიპოვება კლასიკური ნაწარმოებიც, რომელიც უგუნებობის დროსაც კი საცეკვაო განწყობაზე დაგაყენებთ. ყველაფერთან ერთად, კლასიკურმა ხელოვნებამ გაუძლო საუკუნეთა გამოცდას. ჩვენამდე მრავალი თაობა აღიზარდა ამ ნაწარმოებებზე, მათ დაუკავშირა საკუთარი განცდები და ემოციები. რასაკვირველია, არ უნდა ველოდეთ, რომ პატარა ბავშვი კლასიკური ხელოვნების ნიმუშებით იმთავითვე აღფრთოვანდება. ასე არ მოხდება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ოჯახს არ აქვს სიმფონიების მოსმენის ან კედლებზე ცნობილი მხატვრების ტილოთა რეპროდუქციების გამოფენის ტრადიცია. მაგრამ ყველაფერი წინ არის, დაგროვების ეფექტი ადრე თუ გვიან იმუშავებს. მთავარია, მოთმინებით დაველოდოთ ამ დროს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა