ნათელაშვილი კორონავირუსზე: ხელისუფლებამ ხალხი გაწირა... ირანთან საზღვარი დროულად არ დაკეტა
ნათელაშვილის თქმით, მთავრობამ ირანთან საზღვარი აქამდე იმიტომ არ დაკეტა, რომ მას სურს საზოგადოების ყურადღება, რომელიც ივანიშვილის რეჟიმის შეცვლაზეა ორინეტირებული, სასიკვდილო ვირუსისკენ მიმართოს.
"ლეიბრისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირებას გამოეხმაურა. მისი თქმით, მთავრობამ ირანთან საზღვარი აქამდე იმიტომ არ დაკეტა, რომ მას სურს საზოგადოების ყურადღება, რომელიც ივანიშვილის რეჟიმის შეცვლაზეა ორინეტირებული, სასიკვდილო ვირუსისკენ მიმართოს.
ამასთან მან ბიძინა ივანიშვილს და "ქართულ ოცნებას" მიმართავს და მოუწოდებს, რომ მოსახლეობას პირბადეები დაურიგონ.
ოპოზიციონერი ბაღებში, სკოლებსა და უნივერსიტეტებში სწავლის შეწყვეტას მოითხოვს.
„ხელისუფლებამ ხალხი კიდევ ერთხელ გაწირა იმით, რომ ირანთან საზღვარი დროულად არ დაკეტა. შედეგად კორონავირუსი უკვე საქართველოშია. გათვლა ძალიან მარტივი გახლავთ - გადაერთოს ხალხის ყურადღება რეჟიმის შეცვლიდან, აქტიური საპროტესტო მიტინგებიდან და აქციებიდან - სასიკვდილო ინფექციაზე. ივანიშვილის რეჟიმს ვერანაირი ვირუსომანია ვერ გადაარჩენს. კეთილი ინებეთ დაურიგეთ მოსახლეობას პირბადეები, შეწყვიტეთ სწავლა სკოლაში, საბავშვო ბაღებში და უმაღლეს სასწავლებლებში. ყველა ქვეყანამ, რუსეთმაც კი დაკეტა საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო საზღვარი - ჩინეთთან ირანთან, სამხრეთ კორეასთან და ყველა იმ რეგიონში, სადაც კორონავირუსის ფაქტი დაფიქსირდა. კორონავირუსი არის ჩვეულებრივი გრიპი და სასიკვდილო შედეგებიც არის ისეთივე, როგორც ჩვეულებრივ გრიპში",-აცხადებს ნათელაშვილი.
წყარო:newposts.ge