თვალიც დალურჯებული ჰქონდა, ხელები სულ გაშავებული. ჩემი შვილის გულისთვის ვიტანდი ყველაფერს, იქნებ გამოსწორდეს-თქო - ავლევში მოკლული ქალის მამის პირველი კომენტარი
ქარელის მუნიციპალიტეტში 30 წლამდე ქალი მეგობარმა მამაკაცმა მოკლა. გარდაცვლილი ქალის ცხედარი ავლევის მაცხოვრებლებმა სოფლის მიმდებარედ მინდორში ნახეს. მათ ჩადენილი დანაშაულის შესახებ თავად ბრალდებულმა გაუმხილა.
როგორც "ტვ მონიტორინგთან" ქარელში მოკლული ქალის მამა აცხადებს, შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა წყვილი კენკრის მოსაკრეფად იყო გასული.
„წავიდნენ გუშინ მაყვლის მოსაკრეფად და ასეთი ამბავი მოხდა. თვალიც დალურჯებული ჰქონდაო, ხელები სულ გაშავებული. თვითონ უთქვია ბიჭებისთვის და ტელეფონიც მიუცია... ჩემი შვილის გულისთვის ვიტანდი ყველაფერს, იქნებ გამოსწორდეს-თქო. სხვას არ უჯერებდა, იმას უფრო უჯერებდა", - განუცხადა "ტვ მონიტორინგს" გარდაცვლილი ქალის მამამ.
შიდა ქართლის პოლიციამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო. ფაქტზე სამართალდამცავებმა 1988 წელს დაბადებული თ.კ. დააკავეს.