ახლობლების გადაწყვეტილებით, ლიზა ქისტაურს ბელგიაში დაკრძალავენ
ქართველ ტრანსგენდერ, ლიზა ქისტაურს რამდენიმე დღეში ბელგიაში, სამშობლოსგან შორს დაკრძალავენ. ინფორმაციას ამის შესახებ „რუსთავი 2“ ავრცელებს.
ლიზა ქისტაურის ცხედარი ბელგიაში, ქალაქ ანტვერპენში, ჟან დე ვოსლეის ქუჩაზე, ე.წ. არაბების დასახლებაში ადგილობრივმა სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს. ბინაში ლიზა ქისტაური მეგობარ მამაკაცთან ერთად ცხოვრობდა.
25 დეკემბერს შემდეგ, ქისტაური გაუჩინარდა, კონტაქტი გაწყვიტა მეგობრებთან და დედასთან საქართველოში. შვილის საეჭვო გაუჩინარების შემდეგ, ძებნა დაიწყო დედამ. მალევე პროცესში პოლიცია ჩაერთო.
გვამის იდენტიფიცირება პირველ ეტაპზე, შეუძლებელი აღმოჩნდა. საგამოძიებო ღონისძიებაში მონაწილეობისთვის ლიზას დედა საქართველოდან ბელგიაში ჩავიდა.
მალევე გაჩნდა ვერსია, რომ ლიზა ცოცხალია და ცხედარი სხვას ეკუთვნის. 6 იანვარს კი, ბელგიის პოლიციამ ლიზა ქაისტაურის გარდაცვალების ფაქტი დაადასტურა.
რა გახდა გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია, მაგრამ ჩატარებული კვლევის შედეგად, დანაშაულის ნიშნები არ არსებობს.