წარმატების 11 წელი - კრეატიული და არაორდინარული კომპანია „ლემონსი“ იუბილარია
კომპანია „ლემონსმა“ შთამბეჭდავი ისტორიის კიდევ ერთი წელი გადაფურცლა და 11 წლის იუბილე თანამშრომლებთან, პარტნიორებთან და მეგობრებთან ერთად საზეიმო ვითარებაში აღნიშნა.
მარკეტინგულ, დეველოპერულ და ვებ ინდუსტრიებში მოღვაწე კომპანიამ განვლილი 11-წლიანი პერიოდი შეაჯამა და ღირსშესანიშნავი თარიღი რესტორან „ოტიუმში“ იზეიმა. ღონისძიებას 150-მდე ადამიანი ესწრებოდა.
მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ კომპანია “ალფა სახლის“, „სოლისის“, „სოლუმის“, „UX დეველოპმენტის“, „ზოდის“, „ჩანთები და ჩანთომანიის“, „პირველი ნაბიჯის“, „შოკოლატერია არტიზანის“, „არაშ მედიქალის“, „ჰოლივუდ ფილმ აკადემიის“, „ნოვას“, გაყიდვების ასოციაციის, სეუ-ს, Sharks.ge-ს, GSN.ge-ს, Adwice- ის, Roomix Development-ის, Audi-ის, Medvisit Global-ის, MSgroup-ის წარმომადგენლები და ის ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში ქმნიდნენ „ლემონსს“ და მეგობრობდნენ მასთან.
„ლემონსისთვის“ თითოეული სტუმარი ძვირფასი, ხოლო მათ მიერ კომპანიის საზეიმო ემოციების გაზიარებისთვის გამოყოფილი დრო და გვერდში დგომა, ორმაგად დასაფასებელია. სწორედ მეგობრები და პარტნიორები იყვნენ, არიან და იქნებიან „ლემონსისთვის“ მთავარი კაპიტალი, მათი დამსახურებით კი, ღონისძიება უფრო მეტი იყო, ვიდრე ვიწრო წრეში აღნიშნული რიგითი წვეულება.
„ლემონსმა“ სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიის ფარგლებში, ამ მნიშვნელოვან დღესაც არ დაივიწყა სხვებზე ზრუნვის ტრადიცია და ჩვეულ ქველმოქმედებას მიმართა. ამჯერად, ღონისძიებაზე გაიმართა საქველმოქმედო აუქციონი, რომელშიც კომპანიის თანამშრომლები მონაწილეობდნენ. პრეზენტაციაზე, ლემონსელებმა დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს თავიანთი ემოციები და გასაყიდად წარუდგინეს ის ნივთები, რომლებიც მათი ცხოვრებისა თუ კარიერის მნიშვნელოვან მომენტებსა და მოვლენებს უკავშირდებოდა.
თუმცა, სანამ აუქციონი გაიმართებოდა, „ლემონსი“ ბავშვთა სახლ „ბეღურებს“ ესტუმრა და მოზარდებისგან, რომლებიც საზოგადოების მეტ სითბოს, ემოციურ თუ მატერიალურ მხარდაჭერას საჭიროებენ, საახალწლო სურვილები მოისმინა.
სახალისო, ამავდროულად, ემოციური საქველმოქმედო აუქციონიდან შემოსული სოლიდური თანხით „ბეღურების“ 16 ბენეფიციარს აუსრულდა ნატვრა. ბავშვებს, რომლებზეც „ლემონსი“ უკვე რამდენიმე წელიწადია ზრუნავს, გადაეცათ ტანისამოსი, წიგნები, მობილური ტელეფონები, სათამაშოები და ველოსიპედები. გარდა ამისა, მოზარდებს 7 იანვარს გადაეცათ „ლემონსის“ თანამშრომლების მიერ სპეციალურად მათთვის შეგროვილი ნივთებიც.
„ლემონისის“ მთავარი მამოძრავებელი ძალა არის გუნდი, რომელშიც თითოეული წევრი უმნიშვნელოვანესია. წესრიგთან და დისციპლინასთან ერთად, კომპანიის მთავარ ღირებულებას შრომისმოყვარეობა, ურთიერთდახმარება და ურთიერთპატივისცემა წარმოადგენს. სწორედ ლემონსელებზე დგას კომპანია და მათი დამსახურებაა ყოველი, რასაც „ლემონსი“ ქმნის და რასაც ამ 11 წლის განმავლობაში მიაღწია. შესაბამისად, ახალი წელი წარმოუდგენელი იქნებოდა, იმ სიურპრიზის გარეშე, რაც „ლემონსმა“ თანამშრომლებსა და მათ შვილებს მოუწყო.
კერძოდ, თანამშრომელთა ბავშვების მონაწილეობით, კომპანიაში დასაქმებული მშობლებისგან ფარულად, ვიდეო შეიქმნა, სადაც პატარებმა ის სურვილები დაასახელეს, რასაც ისინი საახალწლოდ თოვლის ბაბუისგან მოელოდნენ. თოვლის ბაბუას როლს ვინ მოირგებდა თუ არა „ლემონსი“, რომელმაც უდიდესი ემოცია და სიხარულის ცრემლებიც მოიტანა და არა მხოლოდ პატარებში, არამედ მშობლებშიც.
გარდა სურვილებისა, ბავშვებმა დაახასიათეს მათი მშობლები და აღწერეს, თუ როგორ ხედავენ ისინი მათ „ლემონსში“ - გარემოში, რომელსაც პირადისა და სამსახურის საზღვრები მორღვეული აქვს და ერთი მთლიანობა არის.
პატარა ლემონსელებმა ასევე ჩამოთვალეს ნივთები, რასაც თანატოლებს გაუზიარებდნენ. მათ საჩუქრები „ბეღურელ“ თანატოლებს მშობლებთან და „ლემონისის“ სხვა წარმომადგენლებთან ერთად 7 იანვარს გადასცეს, თავად კი კუთვნილი საჩუქრები საზეიმო ვითარებაში 30 დეკემბერს მიიღეს.
„ლემონსის“ სიურპრიზთა ნუსხა ამით არ ამოწურულა - კომპანიამ მშობლებს 2023 წელს თვეში ერთი დღე გამოუყო შვილებთან ერთად სასეირნოდ, რა თქმა უნდა, შესაბამისი ბიუჯეტით და პირობით, რომ სახალისო მოგონებებსა და ფოტო-ვიდეო მასალას შექმნიან პატარებთან ერთად.
„კომპანიას კარგად ახსენდება ეს 11 წელი - იყო ბევრი წარმატება და შეცდომაც. დღეს, ამ გადმოსახედიდან, ყველა შეცდომა იყო გამოწვევა, რამაც გაგვზარდა და გაგვაძლიერა. შესაძლოა, გვყავდეს განაწყენებული დამკვეთებიც, თუმცა ვთვლით, რომ მათაც შეიძლება გვაპატიონ, რადგანაც დღეს უკვე სხვა კონდიციაში ვართ. ამ 11 წლის განმავლობაში, ბევრი წარმატებული პროექტი გვქონდა, ახალი სიტყვა ვთქვით ქართულ მარკეტინგში და წარმატებით განვახორციელეთ კიდეც. ერთ-ერთი ასეთია უძრავი ქონების მენეჯმენტი. „ალფა“, „სოლუმი“, „სოლისი“, „ალია“, „იუიქსი“ - ამ სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები იყვნენ ერთ-ერთი პირველები, რომლებიც ჩვენ ამ ინოვაციურ წამოწყებაში გამოგვყვნენ. მათ გარეშე ბევრი რამ, შესაძლოა, სხვაგვარად ყოფილიყო და უღრმესი მადლობა ამ კომპანიებს ნდობისთვის. საქველმოქმედო აუქციონის მთავარი მოთამაშეებიც სწორედ ეს ადამიანები იყვნენ“, - ასე აფასებს „ლემონსის“ მიერ განვლილ 11 წელს კომპანიის დამფუძნებელი, ირა მელიმონაძე, რომელიც 2023 წლიდან კომპანიის აქტიურ მმართველობას ჩამოსცილდა და მართვის სადავეები ამირან ღავთაძეს, მიშა ხაჭაპურიძესა და დაჩი პავლიაშვილს გადასცა.
„მმართველობას გადავცემ ნდობით აღჭურვილ 3 დირექტორს. ეს ადამიანები დიდი ხანია ამას აკეთებენ, შესაძლოა, შორიდან არ ჩანდნენ, თუმცა მათზე დგას კომპანია და 2023 წლიდან სრულად იღებენ კომპანიის მენეჯმენტზე პასუხისმგებლობას. მათ უკან კი დგას დიდი გუნდი, დიდი გეგმებით“, - ამბობს ირა მელიმონაძე.
რაც შეეხება „ლემონსის“ სამომავლო გეგმებს, კომპანია 2023 წლის პირველ ნახევარს გასული 11 წლის შეჯამება/გადაფასებას დაუთმობს. ეს იქნება „ლემონსის“ სტაბილიზაციის, მენეჯმენტის გამყარების, შიდა პროცესების გაძლიერების, მართვის სისტემების დანერგვისა და დიდი ტრამპლინისთვის მზადების პერიოდი, რასაც ზრდა და „ლემონსისთვის“ ტრადიციული გამარჯვებები მოჰყვება.