უბნის ბიჭები აბულინგებდნენ... რას არ იგონებენ, მონაზონმა დედამ მიცვალებულზე უარი თქვაო - ახალი დეტალები ნოდარ ათუაშვილსა და მის ოჯახზე
გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საგარეჯოში მომხდარი თავდასხმის განმახორციელებლის, ყოფილი სამხერო, ნოდარ ათუაშვილის ცხედარი დედამ არ მიიღოო, არასწორია. ინფორმაციას ambebi.ge ათუაშვილის მეზობელზე დაყრდნობით ავრცელებს.
ყოფილი სამხედროს მეზობლის განმარტებით, ათუაშვილის დედა რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა.
"ნოდარი 6 წელია, რაც ცოლთან გაცილებულია. მეუღლე - ირმა უაღესად კარგი გოგოა, ამჟამად სად იმყოფება, არ ვიცით, ამ ამბის შემდეგ არ გამოჩენილა. რას არ იგონებენ, მონაზონმა დედამ მიცვალებულზე უარი თქვაო... ნოდარს დედა ცოცხალი არ ჰყავს, დედა ევა (საერო სახელი - რუსუდანი) წელიწადნახევრის წინ გარდაიცვალა. ნოდარს დედასთანაც და დასთანაც ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა.
ნოდარს და ირმას 2 შვილი ჰყავთ, ვერ შეეწყვნენ და გაცილდნენ. შვილი, რომელიც იმ საღამოს ნოდართან ერთად იყო, უაღრესად კარგი, პატიოსანი და განათლებული ბიჭია, ისეთი, ახლანდელ დროში რომ სანთლით საძებარია.
რა მოხდა სროლამდე, შვილი არაფერს ამბობს. ნოდარი არც მანამდე გვიშავებდა რამეს და გარდაცვლილი განა რას დაგვიშავებდა, მაგრამ ეზოში 4 მიცვალებული იყო და ვინ რას იზამდა, არავინ იცის, ამიტომ არ დავასვენებინეთ, ამის გვეშინოდა და შურისძიებას მოვერიდეთ. ისე, ნოდარი მართლა ჩაკეტილი იყო, არავისთან ჰქონდა ახლო ურთიერთობა, კაი გამარჯობა-გაგიმარჯოს და ეს იყო. ან აქ სად იყო, მან მეტი წილი ჯარში გაატარა, 2008 წლის ომში, სამჯერ ავღანეთში და ამ დროს, უბნის ბიჭები აბულინგებდნენ. ჯანმრთელი ადამიანი რომ გამწარდება, ის რას იზამს, კაცმა არ იცის და მით უფრო მისი ფსიქიკის პატრონი. მეზობლებს ნოდარიც ძალიან გვეცოდება...
თუ არ ვცდები, მიცვალებული დასავლეთში წაასვენეს და იქ დაკრძალეს. მისი ცხედარი არც საგარეჯომ მიიღო და არ მანავმა, სადაც მისი ფუძე იყო, ყველას შეეშინდა მოსალოდნელი გართულებების. ჩვენ ჯერაც შოკში ვართ, მდგომარეობიდან არ გამოვსულვართ. მამაოს შვილი, რომელიც ბიჭების დასახმარებლად ჩავიდა, დაიჭრა და დღესდღეობით ისევ მძიმედაა, თბილისში გადაიყვანეს სამკურნალოდ. ძალიან კარგი ბიჭია, ღმერთმა გადაგვირჩინოს", - აცხადებს გამოცემასთან მეზობელი.~
ცნობისთვის, 20 იანვარს ყოფილმა სამხედრომ, ნოდარ ათუაშვილმა მეზობლებს ცეცხლი გაუხსნა. შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, 6 დაიჭრა. პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელმა თავი მოიკლა.