„რა უტყუარი მტკიცებულებებია, რომ ბადრი ესებუა ბანკზე თავდამსხმელი პირია?!…“ - შალვა ხაჭაპურიძე
„საქართველოს ბანკზე“ თავდასხმაში ბრალდებულის, ბადრი ესებუას დაკავებას ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე ეხმაურება. მას ეჭვი ეპარება, რომ პოლიციამ ნამდვილი ბადრი ესებუა დააკავა.
„რა უტყუარი მტკიცებულებებია, რომ ბადრი ესებუა ბანკზე თავდამსხმელი პირია?!…
თვალები? მაგნაირი თვალები დედამიწაზე მინიმუმ ას მილიონ კაცს აქვს!”, - წერს სოციალურ ქსელში ხაჭაპურიძე.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუა დღეს დილით, სოფელ ჯიხაშკარში, ჯიქიების საცხოვრებელ სახლში დააკავეს.
ესებუას პოლიცია 2 წელი მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებდა. მას ბრალი 4 მუხლით, მათ შორის, ტერორიზმის, დაუსწრებლად წაუყენეს. სასამართლო პროცესები ამ პერიოდის განმავლობაში გრძელდებოდა. მომდევნო სხდომა 20 თებერვალსაა დანიშნული.
ბადრი ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში შეიჭრა, სადაც მან მძევლები აიყვანა და მოთხოვნების შესრულების შემდეგ მიიმალა.