"აუცილებელი ბოდიში გვაქვს ერთი კუთხისთვის მოსახდელი..." - რას წერს სამეგრელოზე გიორგი კეკელიძე?
მწერალი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც სამეგრელოსთვის და ამ კუთხის მცხოვრებთათვის ბოდიშის მოხდის აუცილებლობაზე წერს.
"ჩვენ, დანარჩენ ქართველებს, აუცილებელი ბოდიში გვაქვს ერთი კუთხისთვის მოსახდელი. მესმის, რომ თუ რამე გვიჭირს, პირველ რიგში შენდობის თხოვნაა, ამაყები ვართ და შეუმცდარობაში გაჯიუტებულები, მაგრამ ზოგჯერ უნდა ვატკინოთ ეგოს და მტერი გავაკვირვოთ. სხვანაირად არ გამოვა. სხვანაირი გზა წინ არ მიდის.
,,ქართლ-კახეთი, იმერეთი, გურია და რაჭა,
ყველა ჩემი სამშობლოა, სამეგრელოს გარდა”
დიახ, გვახსოვს და ეგებ გვიმღერია კიდეც ცნობილი ტექსტის ეს სამარცხვინო და სახიფათო ვარიაცია. იმ გაუაზრებელ და მრუმე წელიწადებში. არც ისე შორს – თვალისა და ფიქრის ახლო გაწვდენაზე. ასეთი სიმღერები უკვალოდ არ ჩაივლის, სადღაც რჩება: ან მოუხდელ ბოდიშად, სინდისი რომ გქენჯნის, ან სულაც, მეგრულად მოლაპარაკეთა შემხედვარე საგანგებოდ დაჭყანულ სახედ, უსინდისობა რომ ვერ შეაწუხებს. რადგან ასეთია. ასეთად გაზარდეს, მათ ვინც ტყვიებს ესროდა, აუპატიურებდა, ძარცვავდა თანამოქალაქეს. ადამიანს. ან თუნდაც: თანაუგრძნობდა ამ ლაშქრობებს.
ბევრმა ეს ტკივილი გამოვტოვეთ. აი, მე, მაგალითად რამდენიმე წლის წინ, როცა ზვიად კვარაცხელია მმასპინძლობდა და დეტალებს მიყვებოდა, მართლა სიურეალისტური ფილმის სცენარი მეგონა აქამდე ათასჯერ განაგონი. არ და ვერ ვიჯერებდი. არადა, ხომ ვიცოდი, რომ თუნდაც ჩემს მეზობელსაც უმღერია ასე: ,,ყველა ჩემი სამშობლოა, სამეგრელოს გარდა.” და ის, რომ ეს სიმღერა აადვილებს ტყვიების გამეტებას და მზერასაც ასხვაფერებს.
მოკლედ, რთული ამბავია. ასეთი ჭრილობების საქმე კი ორგვარად გვარდება – ან გაანალიზებით და მერე დისკუსიებით, ხან ჭრილობაზე მარილით და მერე გამოფხიზლებით. ან მეორე გზა – უპირობო პატიება და ტაბუ. ამ კუთხის მცხოვრებებმა აპატიეს ,,მომღერლებს” ,,სიმღერა”. იმაზე ადვილად, ვიდრე ამის წარმოდგენა შეიძლებოდა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გაიხსენეთ, იქით, ჩვენი დაუძინებელი ჩრდილოელი მოყვარის მცდელობები, თუნდაც უსაყრდენო სეპარატიზმის გასაღვივებლად. მაგრამ ამაოდ. და ვიცი, რომ სამუდამოდ ამაოდ. თუ მაინც რამე ნათელის დანახვა გვინდა ოთხმოცდაათიანების შავ ქრონიკაში, ერთი ეს დასტურია: სამეგრელო საქართველოს ყველაზე მყარი ნაწილია.
აქ წერტილი დასვით. და იგულისხმეთ ეს წერილი ჩემს ბოდიშად. ჩემი მეზობლის მაგივრად მოხდილ ბოდიშადაც და გასწორებულ სტრიქონებად: ,,ქართლ-კახეთი, იმერეთი, გურია და სამეგრელო”.. და ა.შ. და ა.შ.", - წერს კეკელიძე.