„არა მგონია იოლი იყოს შენნაირი კაცების ჭირისუფლობა, არადა, თურმე შეგვძლებია...“ - ტარიელ ხარხელაურის ემოციური პოსტი თამაზ მეჭიაურზე
პოეტი, ტარიელ ხარხელაური სოციალურ ქსელში თიანეთის ყოფილი მერის, თამაზ მეჭიაურის გარდაცვალების ერთი წლისთავთან დაკავშირებით ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
„ერთი წელი გავიდა...
ჩემო თამაზ! ჩემო მეგობარო! როგორ მეუხერხულება შენზე სამგლოვიარო სიტყვების წერა და ჩემთვის როგორ თავზარდამცემია შენი ამქვეყნიდან წინსწრებით გასვლა.
უხდებოდი შენს ქვეყანას, სჭირდებოდი შენს თიანეთს, გვჭირდებოდი ჩვენ - უფრო მეტად შენს მეგობრებს... სატირალსა და სავაგლახოს შენნაირი წესით ნაცხოვრები კაცები არ სტოვებენ... მიდიხარ და მიგაქვს შენთვის სალოცავ ხატად გამხდარი თიანეთისა და თიანელებისგან საოცრად ნატკენი გული... რა ვუყოთ, ძმაო! ეს წუთისოფლის თანმდევი სენია, ავადმყოფობაა. დღევანდელობისაგან თავგზააბნეულებს ქვეყნისთვის ავისა და კარგის გამორჩევისთვის ვერ მოგვიცლია, თვალი ვერ გაგვისწორებია, თვალი გონებისა, სინათლისა და სიყვარულის მადლით მხედველი... დროს ვერ მოვერიეთ, დროს - ერთმანეთის საკორტნელად წამქეზებელს. საქართველოზე ჯავრით სავსე და ნატკენი გულით გაცილებს მთელი საქართველო.... არა მგონია იოლი იყოს შენნაირი კაცების ჭირისუფლობა, არადა, თურმე შეგვძლებია...
მართალი არ ვიქნები თუ ამ დღეებში შენთვის დაღვრილ ცრემლს გულჩვილობას მივაწერ. მხოლოდ ასეთი გულწრფელი ცრემლი და ტკივილია ჭეშმარიტი ტკივილი. ეს ტკივილი და ეს ცრემლი გინათებდეს სულეთში ღირსებით მიმავალ გზას მამაპაპათა აჩრდილებთან ღირსეულად შესახვედრად...
ცრემლმა გაგალა თვალები,
უნდა უცრემლოდ გიტირო,
აღარც შენ მეპიტნავები -
შენაც ამჯავრდი სიკვდილო!
სიცოცხლესთან ხარ შეთქმული,
სულეთს გაუღე კარები,
სამშობლოსათვის ერთგულნი
მიდიან ლომა ხარები.
მზერა დაბინდეს ნისლებმა,
გავალ, მდუმარე გავცდები,
წუთისოფელი იცლება
თვირთვილიანი კაცების.
გზა ტკივილებით გავლიე,
ფიქრმა გაძარცვა გონება,
შენი დროც მოვა, ტარიელ!
აქ აღარ დაგედგომება...
არ გემშვიდობები! შეხვედრამდე, მეგობარო...
ტარიელ ხარხელაური“, - წერს ტარიელ ხარხელაური.
შეგახსენებთ, 2022 წლის 15 თებერვალს პოლიტიკოსი, არაერთგზის დეპუტატი და თიანეთის ყოფილი მერი, თამაზ მეჭიაური კორონავირუსს ემსხვერპლა.