ჩვენც რომ გაგვეჩაღებინა მეორე ფრონტი აქტუალურები ვიქნებოდით, მაგრამ საქართველოში არის მშვიდობა - ირაკლი კობახიძე
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო დასავლეთისთვის აქტუალური არ არის, რადგან ქვეყანაში მშვიდობაა.
კობახიძის თქმით, უკრაინა აქტუალურია ომის გამო, ხოლო მოლდოვა ქვეყანაში არსებული შიდაპოლიტიკური ვითარების გამო.
"დღეს აქტუალური არის პირველ რიგში უკრაინა სამწუხარო მოვლენის გამო - ეს არის ომი. ჩვენც ვიყავით აქტუალური 2008 წელს. ჩვენც რომ გაგვეჩაღებინა მეორე ფრონტი, რასაც გვთხოვდნენ უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები, ძალიან აქტუალურები ვიქნებოდით, მაგრამ საქართველოში არის მშვიდობა და ყურადღება არის გადატანილი უკრაინისკენ და მოლდოვისკენ. მოლდოვაში არის რთული ვითარება, ჰქონდათ სულ 2%-იანი ეკონომიკური ზრდა და 30%-იანი ინფლაცია, მოსახლეობის ნახევარი ისედაც პრორუსულია და დასავლეთს სჭირდებათ მოლდოვის პრეზიდენტის გამაგრება. აქედან გამომდინარემ, მოლდოვის მიმართ არის განსაკუთრებული ყურადღება", - ამბობს კობახიძე.