2012 წლამდე სპეცრაზმი ძალადობდა მომიტინგეებზე, ახლა მომიტინგეები ძალადობდნენ სპეცრაზმზე - ირაკლი კობახიძე
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 2012 წლამდე სპეცრაზმი ძალადობდა მომიტინგეებზე.
კობახიძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ირგვლივ განვითარებული მოვლენები შეაფასა და აღნიშნა, რომ "ამ პროცესებმა კიდევ ერთხელ აჩვენა „ნაციონალური მოძრაობის“ ნამდვილი სახე, სადაც არის „ნაცმოძრაობა“, იქ არის ძალადობა, იქნება ის ხელისუფლებაში თუ ოპოზიციაში".
„კიდევ ერთხელ გვინდა აღვნიშნოთ, რომ კანონპროექტმა უცხოელი აგენტების შესახებ ამოქმედების გარეშე მოიტანა იმაზე დიდი შედეგი, ვიდრე თუნდაც ამოქმედებით შეეძლო მოეტანა. გასული კვირის განმავლობაში განვითარებულმა პროცესებმა კიდევ ერთხელ აჩვენა კოლექტიური "ნაცმოძრაობის" - გლობალური ომის პარტიის აგენტების ნამდვილი სახე. ამ პროცესებმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ "ნაცმოძრაობა" უდრის ძალადობას. საზოგადოებას წინა ხელისუფლების პირობებშიც ახსოვს სპეცრაზმისა და მომიტინგეების ურთიერთდაპირისპირების მაგალითები", - განაცხადა კობახიძემ.