„ქართულმა ოცნებამ“ ნიღაბი ჩამოიხსნა - მამუკა ხაზარაძე
პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ უკრაინული არხის FREEdom-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ნიღაბი ჩამოიხსნა და ახალა საჭიროა საზოგადოება გაერთიანდეს.
ხაზარაძემ საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და ორი ქვეყნის ურთიერთობაზე ისაუბრა.
ამასთან, ინტერვიუს დროს მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, რომ ქართველი ხალხი უკრაინელების გვერდით დგანან და მხარს უჭერს მათ ბრძოლას დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის.
„არის ერთი ადამიანი, რომელმაც მიისაკუთრა მთელი ხელისუფლება, პარლამენტი მთავრობა, ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი და მიისაკუთრა მთელი ქვეყანა, ბიძინა ივანიშვილს ხელში უჭირავს ძალაუფლება და ტოტალურად აკონტროლებს მას, ეს არის მთავარი პრობლემა. ის ვერ ხედავს თავის თავს ევროპაში. როგორ უნდა მოსწონდეს მას ჩვენი ქვეყნის ევროკავშირისკენ სწრაფვა, როცა ევროპარლამენტმა სულ ცოტა ხნის წინ მიიღო ძალიან მძიმე, მისი სანქცირების რეზოლუცია. თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ ვერავინ მოიგებს, ვინც თავისი ხალხის ნებას ეწინააღმდეგება, ხალხის ნება კი უკრაინის გვერდში დგომაა, ქართველი ხალხის ნება ევროპაა. დღეს უკრაინა იბრძვის არა მარტო თავისი თავისუფლებისთვის, არამედ საქართველოს თავისუფლებისთვისაც", - განაცხადა ხაზარაძემ.