თეგებით ძიება

"უკეთესის კეთების სურვილი მიბიძგებს წინსვლაში. ვცდილობ, არ გავხდე თავდაჯერებული ან თვითკმაყოფილი" - ჯორჯო არმანი

სახელი: ჯორჯო არმანი

დაბადების თარიღი: 1934 წლის 11 ივლისი

დაბადების ადგილი: პიაჩენცა, ემილია-რომანია, იტალია

პროფესია: მოდის დიზაინერი

- თქვენ ერთხელ აღწერეთ თქვენი 40 წელი, როგორც ცხოვრების მხოლოდ დასაწყისი - მომენტი, როდესაც იწყებთ გაცნობიერებას. როგორ აღწერდით თქვენს მეოთხმოცე წელში გადასულ ასაკს?

- ეს ასაკი არის ინტენსიური სიცოცხლისუნარიანობის, საქმისადმი სრული ერთგულების მომენტი, რომელიც ცხოვრების წესად მექცა, და დრო, როდესაც საბოლოოდ ვცდილობ ვიპოვო მუშაობასა და დასვენებას შორის ბალანსი. სამუშაოს ჯერ კიდევ პირველ ადგილზე ვაყენებ. ცხოვრების მანძილზე სიყვარული, პირადი ცხოვრება და დრო მუშაობას შევწირე, მაგრამ, სამაგიეროდ, შევქმენი იმპერია, რომელიც ბევრისთვის მნიშვნელოვანია. მე ყოველმხრივ ვზრუნავ ჩემს ყველა თანამშრომელზე.

თუმცა, რაც უფრო ვბერდები, მით უფრო ვნანობ იმას, რაც არ გამიკეთებია; გული მწყდება ადგილებზე, რომლებიც არ ვნახე, სიყვარულზე, რომელსაც არ გავუფრთხილდი...

- გგონიათ, რომ ოდესმე კმაყოფილი იქნებით?

- ვფიქრობ, შევწყვეტ მუშაობას, როცა საბოლოოდ კმაყოფილი ვიქნები... და ამას ვერ ვხედავ უახლოეს მომავალში. უკეთესის კეთების სურვილი მიბიძგებს წინსვლაში. ვცდილობ, არ გავხდე თავდაჯერებული ან თვითკმაყოფილი, ეს დისციპლინის ყველაზე დიდი გამოწვევაა. იმისთვის, რომ იყოთ მოწესრიგებული, საკუთარი თავის მიმართ მკაცრი უნდა იყოთ, რაც არ უნდა მოხდეს. ეს გაკვეთილი თავად ცხოვრებიდან ვისწავლე... როდესაც ახალგაზრდა დიზაინერი ვიყავი, ძალიან მაბედნიერებდა შემოქმედებით საკითხებზე ზრუნვა, მაგრამ ჩემი ბიზნესპარტნიორის სერჯო გალეოტის მოულოდნელმა დაკარგვამ მაიძულა, მეც გავმხდარიყავი მეწარმე. რთული გადასვლა იყო, მაგრამ ეს გამოწვევა შრომით დავძლიე.

- ისეთივე მკაცრი ხართ გუნდთან, როგორც საკუთარ თავის მიმართ?

- ფაქტობრივად, ვარ. როცა შენს მიმართ ისეთივე მომთხოვნი ხარ, როგორც შენს გუნდთან, ეს საუკეთესო საშუალებაა, რომ მაქსიმუმი გასცე. მე აქტიურად ვარ ჩართული ჩემი ბიზნესის ყველა ასპექტში არა მხოლოდ სახელის გამო, არამედ იმიტომ, რომ ყველაფერი რასაც ვაკეთებ ჩემი ინტუიციებიდან და ხედვებიდან გამომდინარეობს. მე მჯერა იმის, რასაც ვაკეთებ.

- ეს ხედვები და ინტუიციები ყოველთვის თქვენი ცხოვრების ნაწილი იყო?

- მახსოვს, როცა დავინახე, რომ დედაჩემს პიჯაკები ეცვა... ის თოჯინასავით არ იმოსებოდა. ქურთუკი უბრალოდ თავის ფუნქციას ასრულებდა, მაგრამ ელეგანტურად ეცვა. როცა ვუყურებ ნივთებს, ვცდილობ გავხადო ისინი უკეთესი, უფრო სასარგებლო, უფრო ელეგანტური. ეს არის პროცესი, რომელიც გრძელდება სიცოცხლის მანძილზე.

- შეგიძლიათ თქვათ, რომ მოთმინება ასევე გადამწყვეტი იყო ამ პროცესში?

- რა თქმა უნდა, მოთმინება არის სათნოება, რომელსაც ძალიან ვაფასებ, თუნდაც იმიტომ, რომ ის სრულიად ეწინააღმდეგება ყველაფერს ამ სწრაფ დროში. ადამიანებს ყველაფერი უნდათ მაშინვე, და შემდეგ უბრალოდ ივიწყებენ ყველაფერს, როდესაც მიიღებენ. მოთმინება ნიშნავს ძალისხმევას, გამძლეობას, ხედვას და ფოკუსირებას. ეს არის ბედნიერებისა და გრძელვადიანი წარმატების ერთ-ერთი გზა. ჩემთვის, ყოველ შემთხვევაში. მოსაზრება, რომ ყველაფერი სწრაფად უნდა გაკეთდეს, მცდარი წარმოდგენაა.

https://the-talks.com/interview/giorgio-armani/


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა