„კიდევ რა უნდა გამეკეთებინა იმისთვის, რომ მიწვეულ სტუმრებს შორის აღმოვჩენილიყავი“ - მაკო ფურცელაძე
ჟურნალისტი, გაზეთის „ვერსია“ მთავარი რედაქტორი, მაკო ფურცელაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე არ მიიწვიეს.
“39 წელია ჟურნალისტიკაში ვარ… 3 გაზეთის მთავარი რედაქტორი ვიყავი (“სარანგი”, “ქრონიკა”, “ვერსია”) და დღემდე “ვერსიის” გამომცემელი და მთ.რედაქტორი ვარ… – ჰოდა, 39 წლის თავზე, 2023 წლის 9 აპრილს, საკუთარ თავს ვეკითხები – კიდევ რა უნდა გამეკეთებინა იმისათვის, რომ მიწვეულ სტუმრებს შორის აღმოვჩენილიყავი, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას რომ ზეიმობდნენ?
კომუნისტური რეჟიმიდან ეროვნულ მოძრაობამდე… 90-იან წლებში სამეგრელო, სამაჩაბლო-აფხაზეთიდან სამოქალაქო ომამდე… მე-20 საუკუნის 80-იანი წლებიდან დღემდე არც ერთი მოვლენა საქართველოს ისტორიისა ჩემს-დღეს უკვე სამუზეუმო ექსპონატადქცეულ, დიქტოფონს არ გამოუტოვებია… მადლობა უფალს, არსებობს არქივი და ყველა ჩემი გაზეთის თითოეულ ნომერს ( ე.ი. ჩემს ყოველდღიურ 39-წლიან ცხოვრებას) ისტორიისთვის ინახავს… არ ჩამოვთვლი ჟურნალისტური გამოძიების სერიებსა და ჩემს წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებს (ესეც ჩვენი მუშაობის ლიგიკური შეფასებაა კორუმპორებული ხელისუფლებების მხრიდან)… არც სტატიებს, რომელმაც სიცოცხლის ნახევარი შეიწირა… არც კონფლიქტებსა და “ომებს”… ვინც მიცნობს, იცის და ახსოვს
გაზეთ “ალიაში” რუბრიკისთვის ”უხერხული კითხვები” წილად მერგო უდიდესი ჯილდო “ოქროს ფრთა”, ხოლი ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის – იაკობ ნიკოლაძის პრემია, ვფიქრობ, ყველაზე დიდი ჯილდო იმ უმძიმესი წლებისთვის…
ჰოდა, დღეს, 39 წლის თავზე, 2023 წლის 9 აპრილს, საკუთარ თავს ვეკითხები – კიდევ რა უნდა გამეკეთებინა იმისათვის, რომ მიწვეულ სტუმრებს შორის აღმოვჩენილიყავი, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას რომ ზეიმობდნენ?
P.S. სხვათაშორის, ჩემი ძმა, ომარ ფურცელაძე, 1992 წლის აფხაზეთის ომის პირველი მსხვერპლია და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაიღუპა. დაჯილდოვებულია ორდენით “მხედრული მამაცობისთვის”… ჩემი მეუღლე, გია ხავთასი – 1990-1991 წწ. უზენაესი საბჭოსა და 1992-1995 წლების პარლამენტის წევრია, დამოუკიდენლობის აქტზე ხელმომწერი… ჰოდა, ნეტავ, კიდევ რა “მსხვერპლი” უნდა გაიღოს ერთმა ოჯახმა, ყურადღების ღირსად რომ ჩათვალოთ?!
P.S. არც ერთ სტრუქტურას არ “ მოგნიშნავთ”… უკვე დიდი ხანია შევეგუე ჟურნალისტების მიმართ ასეთ დამოკიდებულებას… ეს პოსტიც ისტორიისთვის იწერება, თორემ მადლიერი ვარ უფლის, რომ მოგვეცა ძალა და შანსი სამშობლოს მცირედი მსახურებისა“, - წერს მაკო ფურცელაძე.